1 - დიდი საზოგადოება ნიშნავს - საზოგადოების ყველა წევრის მონაწილეობას ქვეყნის მართვაში; ამის თანმიმდევრულ უზრუნველყოფას თითოეული ჩვენგანის მიერ; შესაბამისი კანონების, ინსტიტუციების, ფორმების, ეთიკის გამოგონებას, შექმნას...
აწმყო - ყოველთვის უფრო რთული სტრუქტურაა, ვიდრე წარსული. შესაბამისად, მომავლის საზოგადოება ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე დღევანდელი. რთული არა ‘ძნელის’, არამედ - ‘კომპლექსურის’ გაგებით. განვითარების კვალდაკვალ, თითოეულ ჩვენგანს მოუწევს ბევრი ახალი ფუნქციის შესრულება, მრავალი დღეისათვის უცნობი უნარის გამომჟღავნება, უამრავ ისეთ აქტიობაში მონაწილეობა, დღეს რომ '’ჩვენ საქმედ’' არ მიგვაჩნია. ჩვენზე უფრო რთულ/კომპლექსურ საზოგადოებებში უკვე ასე ხდება. მიუხედავად გავრცელებული მითისა, რომ ‘ევროპაში 'ყველამ მხოლოდ თავისი საქმე იცის და სხვა არაფერი აინტერესებს’ - ეს ასე არ არის. განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში თითოეული მოქალაქე, სულ მცირე, 5-6 სხვადასხვა ჯგუფში, ასოციაციაში, კავშირში, პარტიაში, მოძრაობაში, კლუბში და ა.შ. არის გაერთიანებული (ამასწინ სადღაც წავიკითხე, რომ საშუალოდ – 8 ჯგუფში). თუ გვსურს, თავი დავიცვათ ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ბოროტმოქმედებისაგან და თავად მოვკიდოთ ხელი ჩვენთვის სასურველი რეალობის ფორმირებას, ახალი გამოწვევების პირისპირ თამამად უნდა დავდგეთ და ახალი შემოქმედებითი უნარები უნდა გავაღვიძოთ ჩვენში. ბოლოს და ბოლოს, ასე ცხოვრება უფრო საინტერესოა!
2 - თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნეოლიბერალური გაგება - მხოლოდ თვალის ახვევაა, ისიც მხოლოდ კრეტინებისთვის, და სინამდვილეში '’მონათმფლობელთა შეუზღუდავ თავისუფლებას ნიშნავს - მონათა სიცოცხლის, და ყველა სხვა უფლების ხარჯზე’. ბაზარი, რომელიც ექსპლოატაციას ეფუძნება, უბრალოდ ლოგიკურად, განსაზღვრებით შეუძლებელია რაიმენაირი პოზიციიდან ჩაითვალოს ‘თავისუფლად’. ამდენად, თავისუფალი ბაზარი უპირველესად ნიშნავს ბაზრის ყველა აქტორის თავისუფლებას, მათ შორის, ექსპლოატაციისგან თავისუფლებას. ყველას ინტერესებში – სწორედ ესაა!
და რაკიღა, როგორც კარლ პოპერი ამბობდა, შეუზღუდავი თავისუფლება - საბოლოოდ თვითგანადგურებისაკენ ისწრაფის - ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამგვარი თვითგანადგურება. არ უნდა დავუშვათ საერთო თავისუფლების – მცირედთა განუკითხაობაში გადაზრდა! თავისუფლება უპირველეს ყოვლისა - პასუხისმგებლობაა. საკუთარი შრომისა თუ ბედის განკარგვა კი - წესრიგს და გარკვეულ შეზღუდვებს ნიშნავს. ეს უკლებლივ ყველამ იცის საკუთარი ემპირიული გამოცდილებიდან. და თავისუფალი ბაზარი ნიშნავს, რომ ამ გარდაუვალ შეზღუდვებს აწესებს არა კორპორაციის მმართველთა საბჭო, ან მის მიერ მოსყიდული მთავრობა, არამედ ბაზრის ყველა აქტორი თანაბარი უფლებებით - მეწარმე, მშრომელი, მომხმარებელი...
3 - ბუნების ლოგიკა არ არის '’მაქსიმალური’' ან ‘მინიმალური’. ასე რომ იყოს, დინოზავრები არ გადაშენდებოდნენ, ან პლანეტა მხოლოდ მიკროროგანიზმების ასპარეზად გადაიქცეოდა. ბუნების ლოგიკა არის - ‘ოპტიმალური’. როდესაც სახელმწიფოზე ვლაპარკობთ, სათავეშივე ვცდებით, თუკი ხშირი გამეორების გამო ჭეშმარიტებად მიჩნეულ წინაპირობებს უკრიტიკოდ ვიღებთ - ‘დიდი სახელმწიფო ჯობია, თუ მცირე’? ჩემი აზრით, ეს შეკითხვის პრინციპულად არასწორი ფორმულირებაა. სახელმწიფო ინსტრუმენტია. მექანიზმი, რომლითაც გარკვეული მიზნები მიიღწევა. ამდენად, მთავარი კითხვებია - ვინ ფლობს ამ ინსტრუმენტს? რა მიზნების მიღწევას ცდილობს მისი მფლობელი? რამდენად ეფექტურია ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად? მოკლედ, ‘სიტუაციას გააჩნია’. რას უპასუხებდით, თუ გკითხავენ, ‘დიდი’ იარაღი – პისტოლეტი ჯობია, თუ ‘მცირე’ – ჯოხი? თუმცა ეს უკანასკნელიც არ არის სასიამოვნო, დარწმუნებული ვარ, თუკი ის თქვენ მტერს უნდა ეპყრას ხელთ, ჯოხს აირჩევდით. ხოლო თუ ღამით ტყის გადაჭრა გიწევთ, უეჭველად პირველს მოისურვებდით.
ნაკლები სახელმწიფო დღეს აქ – იმათ ინტერესებშია, ვინც სრული განუკითხაობის, მაგ. ჩვენი დღევანდელი ‘შრომის კოდექსის’ პირობებში სხვათა გაღატაკების ხარჯზე საკუთარი გამდიდრების მეტ პერსპექტივას ხედავს. მეტი სახელმწიფო კი – იმ მშრომელთაA ინტერესებში, ვინც მონებად აქციეს. რასაკვირველია, საბჭოთაA კავშირში, სადაც ყველაფერს მხოლოდ პოლიტბიურო განაგებდა, ნაკლები სახელმწიფო, მისი ოპტიმალურ ზომაზე დაყვანა – სამართლიანი მოთხოვნა იყო. ასევე ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენ რეჟიმში, სადაც ყველაფერს სოციალ-დარვინიზმით შეიარაღებული ნეოლიბერალი ‘ბიზნესმენები’ განაგებენ, აუცილებელია მეტი სახელმწიფო – საზოგადოების ხელში.
დიდ საზოგადოებაზე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ის, ვინც სახელმწიფოს, როგორც ინსტრუმენტს უნდა ფლობდეს, არის საზოგადოება - დიდი საზოგადოება, მთელი საზოგადოება, და არა მისი ერთი რომელიმე ნაწილი. საზოგადოების მიზანი - ყოველთვის არის განვითარება და კეთილდღეობა. რაც არ უნდა შეურაცხადი გახდეს ესა თუ ის ხელისუფალი ან საზოგადო მოღვაწე, საზოგადოებას, როგორც ასეთს, არასოდეს ენდომება რეგრესი და სიდუხჭირე. და განვითარების გზათა შესახებ სრული ინფორმირებულობის პირობებში ყოველთვის სწორ არჩევანს გააკეთებს. ამიტომ, საჭიროა ეს ინსტრუმენტი იყოს არა დიდი, ან პატარა - არამედ: ოპტიმალური - ესე იგი ეფექტური დიდი საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნების მისაღწეევად.
No comments:
Post a Comment