ეპისტოლე რომის პაპს



ვატიკანი, წმინდა პეტრეს ტაძარი,
ბ-ნ რომის პაპს

თბილისი, დიდი დიღომი,
გიორგი კევლიშვილი


ძვირფასო რომის პაპო, ღმერთის მოადგილევ დედამიწაზე, უწმინდესო და უზეშთაესო, თვალწარმტაცო, გულთა მტანჯველო და გონების სხივო… სამყარო რომ ისე იყოს მოწყობილი, რომ კიდევ ერთი ცხოვრების კრედიტით აღება შეიძლებოდეს, მას თქვენი უმაღლესობისადმი ჰიმნთა თხზვას მივუძღვნიდი. მაგრამ, რადგან, როგორც ტელეარხი დისკავერი გვარწმუნებს, ეს შეუძლებელია, ამჯერად აქ შევწყვეტ თქვენ დიდებას და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

მე, ისევე, როგორც თქვენი ასეულობით მილიონიანი მრევლის უდიდეს უმრავლესობას, სრულიად არაფერი გამეგება თქვენი სარწმუნოების ფილოსფიური თუ თეოლოგიური საიდუმლოებებისა. მაგრამ ეს არამც და არამც თავს დამცირებულად არ მაგრძნობინებს. აკი თავად ქრისტეს მოსწავლეებსაც კი საეჭვოა რამე გაეგოთ თქვენ წიგნებში და ეპისტოლეებში. სამაგიროდ, თქვენი რიტუალების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე და სანახაობრივი ხასიათი ყველა წრფელ გულს ატყვევებს. ასევე, მეტ-ნაკლებად ყველას ესმის სიმბოლური შინაარსი თქვენებური წეს-ჩვეულებებისა. სწორედ სურვილი ამ წეს-ჩვეულებებში მეტი ჩართულობისა და ამგვარად ჩემი სულიერების განვითარებისა  მაიძულებს ამ წერილის მოწერას. იმედი მაქვს ამგვარად შევძლებ, თქვენი რწმენის სიღრმეებისადმი ზიარებას ისე, რომ ლათინურისა და სხვა უსარგებლო საგნების შესწავლას თავი ავარიდო.

რიტუალთაგან რომელიც სხვათა უმეტეს იზიდავს ჩემ, და არა მარტო ჩემ არსებას, არის თქვენ მიერ კარდინალთათვის ფეხისბანის აქტი, რომელიც როგორც მე მესმის, თქვენ, თუნდაც მოჩვენებით, სიმდაბლესა და სხვათადმი მსახურების მოწოდებას განასახირებს. მაგრამ, მოდი წმინდა მამაო, ერთად დავაკვირდეთ ამ რიტუალს. განა კარდინალნი ისინი არიან, ვისაც თქვენი მსახურება სჭირდებათ? განა ისინი ქვეყნიერების შეძლებულ და გავლენიან ნაწილს არ ეკუთვნიან, რომელთაც შეუძლიათ თუნდაც ათობით სხვა მსახური დაიქირაონ? გარდა ამისა, არ მეთანხმებით, რომ კარდინალთათვის – თქვენი ოფისის თანამშრომელთათვის ფეხების ბანა კორპორატიულ თავშექცევას უფრო წააგავს, ვიდრე სულიერებით განმსჭვალულ აქტს? არ ფიქრობთ, რომ უპრიანი იქნბოდა ქრისტესავით, მათთვის გაგეწიათ მსახურება, ვინც თქვენთვის სრულ არარაობას წარმოადგენს, და კორპორაციის წევრს არაფრით მოგაგონებთ – არც მრწამსით, არც ეროვნებით, არც შეძლებით და არც განსწავლულობით?

მაგალითად, ჩემთვის.

რა თქმა უნდა, მე ვერ მოგთხოვთ, ყოველწლიურად ფეხის დასბანად ჩემი ვატიკანში ვიზიტი დააფინანსოთ. მით უმეტეს, ვერც იმას, რო ლოცვა და პედოფილთა მეთვალყურეობა დაუტევოთ, თქვენი მრევლი აღვირახსნილ სულიერ მამათა, ასევე, შესაძლოა, ეშმაკის ანაბარა დატოვოთ და ჩემ სამსახუროდ თბილისში ჩამოხვიდეთ.

მაგრამ არსებობს გამოსავალი, რომელიც არც თქვენ დაგიჯდებათ რაიმე, და ჩემ სულიერებისაკენ მისწრაფებასაც სრულიად დააკმყოფილებს.

რას იტყვით, მე თითონ, ფეხების ბანვისას, ჩემი ხელები – თქვენ ხელებად რომ წარმოვიდგინო?

ჩემი აზრით, ამით რამოდენიმე კურდღელს დავიჭერთ – ერთის მხრივ, ჩემი ფეხები და სულიერება მუდმივი ზრუნვის ქვეშ იქნება, თან ორივე დროსა და ფულს დავზოგავთ, ხოლო თქვენ კიდევ უფრო მეტ ქულებს დაიწერთ თქვენი უფროსის ყოვლისმხედველ თვალში.

თანხმობის ნიშნად ასე შეგვიძლია დავთქვათ – თქვენი შემდგომი გამოსვლა თქვენი ბალკონიდან ხალხისათვის მიმართვისას ასე დაიწყეთ –  Urbi, Orbi et Giorgi


ნეტარებით ველი ამ დღეს.

პროლეტარული სასოებით, კევლე


თვითაქტუალიზაცია



ეგეთი ცნება არსებობს - თვითაქტუალიზირება. ესაა ადამიანის უნარი - მოახდინოს საკუთარი თავის სტიმულირება, პირველ რიგში - აიძულოს იმის საკეთებლად, რისი კეთებაც საჭიროა, მაგრამ არა - სასიამოვნო. რისი კეთებაც სასიამოვნოა, ყველა აკეთებს. ყველაზე რეგვენი ადამიანიც კი. თვით ცხოველებიც.

არც ერთ ცხოველს, არანაირ არსებას ადამიანის გარდა არ შეუძლია თვითაქტუალიზირება.



ყველაფერი ადამიანური - საკუთრივ და სპეციფიკურად ადამიანური - მთელი ცივლიზაციაკულტურა, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ადამიანმა ცნობიერების ევოლუციის პროცესში მოიპოვა - თვითაქტუალიზირებული ადამიანების შემნილია. გაიხსენეთ ყველა დიდი ადამიანი, საქმიანობის ყველა სფეროდან, ვინც სამაგალითოდ მიგაჩნიათ, ან მოგწონთ, ან იქნებ - შთაგაგონებთ კიდეც. ყველა მათგანი - თვითაქტუალიზირებული ადამიანი იყო.

თვითაქტუალიზაცია არ ნიშნავს აიძულო საკუთარ თავს იყო კეთილი, მეგობრული, მხიარული... ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იგი მუდმივად განვითარებადი ადამიანის თვისებებია. თვითაქტუალიზირება სწორედ ესაა - საკუთრი თავის იძულება, რომ განვითარდე, გაიზარდო.

ამიტომ, თვითაქტუალიზირებადი ადამიანი კი არ გაურბის, მუდმივად ეძებს პრობლემებს, ცდილობს განსაზღვროს მათგან არსებითი, და კრეატიულად გადაჭრას. მან იცის, რომ ადამიანი მხოლოდ პრობლემათა გადაჭრისას იზრდება. ამიტომაცაა პრობლემის სხვა სახელი შანსი.

თვითაქტუალიზირებადი ადამიანი მიზეზებს არ ეძებს, რომ გაიზარდოს, მოტივაცია არ სჭირდება. მისთვის ვისთვად ცხადია, რომ ეს აუცილებელია.

ჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ მაშინ აიძულებს თავს რაიმე ისწავლოს, როცა ეს პრაგამტული აუცილებლობაა, როცა სხვაგვარად ვერ გადარჩება, ვერ ადაპტირდება  რეალობასთან. ასეთ დროს ყველა ცდილობს - მიზანმიმართულად თუ ინტუიციურად, გაიზარდოს. ეს ბიოლოგიური ფუნქციაა.

მაგრამ ადამიანი - ბიოლოგიური არსება არაა. ადამიანს ზრდისთვის მოტივაცია არ სჭირდება. არც პირობებს ითხოვს ან მოელის. არც უმოქმედობისთვის გასამართლებელ მიზეზებს ეძებს  - იცის, რომ ასეთი არ არსებობს. ზრდა ყველა პირობებში შეიძლება. ყველა ასაკში, ყველა ქვეყანაში.

ჰოდა, თუ ფიქრობთ, რომ ვაპირებ თვითაქტუალიზაციისაკენ მოვუწოდო ვინმეს, შეცდით: სევდის მომგვრელი გარემოება მთელ ამ ამბავში ისაა, რომ ეს უნარი როგორც ნებისმიერი უნარი შეიძლება განივითარო, ან პირიქით გამოუყენებლობით სრულიად დააჩლუნგო, მაგრამ შეუძლებელია შეიძინო ეს ან გაქვს, ან არა.

ერთადერთი, რაც შეიძლება - დააკვირდე საკუთარ თავს - გაქვს ეს უნარი, თუ არა. და განსაზღვრო - მათ შორის ხარვინც რეალობას ქმნის, თუ ამ პროცესში - მუდმივი ქმნადობის, ცნობიერების ევოლუციის პროცესში  ძალიან საპატიო, არანაკლებ ამაღლებული მისია - შავი სამუშაოს შესრულება გაკისრია.