რა იცის ბენდუქიძემ?




''ფრაზას „ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები” – შინაარსი არ გააჩნია. ეს იგივეა, თქვა, რომ ბენდუქიძემ კულულები უკან გადაიყარა. დიქტატურა არჩევნებით არ აგებს. ტირანია აგებს მხოლოდ რევოლუციით'' (კახა ბენდუქიძე) - ეს ფრაზა არის მატრაბაზობა – რაც არ უნდა აღტყინებით აშეარებდეს ფეისბუკ საზოგადოება.  ვეცდები დავასაბუთო.

აშკარაა, რომ ბენდუქიძის ეს გამოთქმა ეფუძნება ტირანიის ერთ კონკრეტულ განსაზღვრებას,  რომელიც ყველაზე უკეთ პოპერმა გამოთქვა: ‘რა სახელებიც არ უნდა დავარქვათ, ჩემთვის ორი ტიპის ხელისუფლება არსებობს: რომლის გადარჩევაც ძალადობის გარეშე შეიძლება – მას ვუწოდებ ‘დემოკრატიას’. ყველა სხვა ფორმას კი – ‘ტირანიას’.

ეს გამოთქმა მეც ძალიან მომწონს მისი ეფექტურობის გამო, თუმცა ცხადია, რომ იგი სრულად ვერ ხსნის ცნებათა, კერძოდ, ტირანიის მნიშვნელობას. ზოგადად, ბენდუქიძს ამ ტექსტში ჩემი აზრით, არასწორია ყველა შემდეგი საკვანძო სიტყვის გაგება: ტირანია, არჩევნები, ძალადობა, რევოლუცია. ყველა ეს გამოთქმა მათი ასე ვთქვათ, საყველპურო მნიშვნელობითაა აღებული და კომბინირებული ისე, რომ გარეგნულად ჭკვიანური შთაბეჭდილება შეიქმნას, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, რეალურად ამ ფასადის უკან ტრაკის თამაში დგას. როგორც ლენინი იტყოდა – შეხედავ – ოქროა, ახლოს მიხვალ – ძღრენივით ყარს. პოპერის ამ გამოთქმით ტირანიაზე მხოლოდ პოსტფაქტუმ, მხოლოდ არჩევნების დღის მერე შეიძლება ვიმსჯელოთ – თუკი გადავირჩიეთ, ესე იგი არ ყოფილა ტირანია. მაგრამ არავის დაუვალებია ჩვენთვის, რომ მხოლოდ ეს, პოპერის განსაზღვრება მივიჩნიოთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. თავისი კლასიკური მნიშვნელობით, ტირანია არის პრაქტიკა, რომლის შესახებაც შეიძლება ვიმსჯელოთ მისი ლოგიკის მიხედვით, და არა იმით, თუ რა ბედი ეწევა ბოლოს მას. ტირანია არის ძალაუფლების ბოროტი გამოყენება, მისწრაფება აბსოლუტური ბატონობისკენ. მმართველობა, დაფუძნებული ტერორზე და შანტაჟზე, ძალადობაზე (ყველა, მათ შორის, ფსიქოლოგიური სახის) – ხალხის წინააღმდეგ და ვიწრო ჯგუფის სასარგებლოდ. თუ ამ კრიტერიუმებით განვსჯით, სააკაშვილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ტირანი. აი ბენდუქიძეს კი ქოჩორა მხოლოდ წარსულ დროში შეგვიძლია ვუწოდოთ. თუმცა, ეხლა უკვე სააკაშვილსაც მხოლოდ წარსულში...

ასევე სისულელეა მტკიცება, რომ ტირანია მხოლოდ ძალადობრივი რევოლუციით მარცხდება. ისტორია ბ–ნ კახას ამაზე კვერს ვერ დაუკრავს.  მხოლოდ პინოჩეტის მაგალითიც კი სრულად საკმარისია ამ ‘არგუმენტის’ უკან მდგარი უმეცრების დასანახად.

არჩევნები და რევოლუცია: ჩემი აზრით, სრულიად აშკარაა, რომ ის, რასაც ცივილიზებულ სამყაროში დემოკრატიული არჩევნები ჰქვია, ჩვენთან უბრალოდ არ ყოფილა. არჩევნები არაა ერთდღიანი პროცედურა. ეს ერთი დღე შეჯამებაა დემოკრატიული – უწყვეტი დისკუსიის, განსჯის, გადარჩევის პროცესისა, რომელიც სრულიად აუცილებელია წარიმართებოდეს მთელი მოსახლეობის სრული ინფორმირებულობის, შიშისგან და რეპრესიებისაგან თავისუფლების, პოლიტიკური პროცესების სრულფასოვნების პირობებში. სრულიად აშკარაა, რომ ასეთი პროცესი ჩვენთან არ ყოფილა. ამიტომ, ეს არ ყოფილა არჩევნები ამ სიტყვის სწორი გაგებით. ეს არ ყოფილა რევოლუციაც ამ სიტყვის ასევე საყველპურო გაგებით: შეიარაღებული ძალადობა, სისხლი და ა.შ. ჩემი აზრით, სრულიად აშკარა იყო, რომ არც ერთი ამ ფორმათაგან არ იმუშავებდა. ის, რაც რეალურად მოხდა, იყო რევოლუციური არჩევნები, ან – საარჩევნო რევოლუცია. რევოლუცია, არა როგორც ფორმა (ყალბი, სტერეოტიპული ფორმა – სისხლი, ავტომატები და ა.შ.), არამედ – როგორც შინაარსი – სიტუაციის არსებითი ცვლილება, პოლიტიკური კურსის რადიკალური განახლება,  სადაც არჩევნების პროცედურა მხოლოდ ფორმალურ იარაღად იყო გამოყენებული. და რომ არა ტირანიის განსაკუთრებული გაძლიერება წინასაარჩევნო პროცესში, ეს შედეგები ტირანიისთვის გაცილებით უფრო კატასტროფული იქნებოდა. ჩემთვის დიდი ხანია აშკარა იყო ორი რამ, და ამის შესახებ დიდი ხნის წინ ვამბობდი. რომ: 1 – რომ არავითარი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ იქნებოდა. 2 – და რომ, მიუხედავად ამისა, სისტემის შეცვლა შესაძლებელია არათავისუფალ საარჩევნო პირობებშიც კი.

საქმე მარტივადაა – ტირანია არ ნიშნავს დაუმარცხებელს!  ხალხი შეიძლება აღმოჩნდეს ტირანზე ძლიერი! რეალურად, არავინ შეიძლება იყოს ხალხზე უფრო ძლიერი, და არ არსებობს და ვერასოდეს იარესებებს ტირანია, რომელსაც ხალხი ვერ დაამხობს! სისხლი და ძალადობა – იარაღის ისტორიული განვითარების პროცესის ლოგიკის კუთვნილებაა, და არა ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ლოგიკის. ანუ: თუ ოდესღაც ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი იარაღი შუბი და მახვილი შეიძლება ყოფილიყო, მოგვიანებით – ავტომატი და მოლოტოვის კოქტეილი – დღეს,  21–ე საუკუნეში ბრძოლის მშვიდობიანი ფორმები უეჭველად იქცევა მთავარ ინსტრუმენტად ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რეალურად მოხდა ეს: ხალხმა შეძლო მობილიზება. უპირველს ყოვლისა, ის აღმოჩნდა ტირანზე უფრო ძლიერი შეგნების თვალსაზრისით: უარი თქვა ფიზიკური ძალადობის გზაზე და შეძლო ტირანიის დამხობა ლეგიტიმური – საარჩევნო პროცედურის მეშვეობით. თუმცა, მტკიცება, რომ ეს ყველაფერი ძალადობის – ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გარეშე წარიმართა, უბრალოდ სასაცილო კი არა, არამედ უზნეოა! ამ ადამიანებს ძალადობის სხვა კრიტერიუმები აქვთ – რაიმე ძალადობად რომ ჩაითვალოს, საჭიროა ათასობით გვამი და ტონობით დაღვრილი სისხლი. ჩემი კრიტერიუმებით კი, იმისათვის, რომ ვთქვათ – ძალადობა იყო! – სრულიად საკმარისია კარალეთის შემთხვევა, რომელიც სულაც არაა ინციდენტი, არამედ სიმბოლო ტენდენციისა. მაგრამ ეს იყო ძალადობა დრომოჭმულისა და ჩამორჩენილის – ტირანის მხრიდან, და არა ხალხის მხრიდან!

რა თქმა უნდა, იმას, რომ ტირანიას საზღვარი დაედოს, რომ იგი დამარცხდეს, არ ეყოფა მხოლოდ სახალხო განწყობები. ჩვენ ვითარებაში ტირანიის წინააღმდეგ ამ სახალხო ღია შეთქმულებას სჭირდებოდა ორი უმნიშვნელოვანესი რამის ორგანიზება: შიდა მობილიზაცია, და მოკავშირეები. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა თავისი ყველა სახის რესურსით შეძლო  ერთიც და მეორეც. ავად თუ კარგად, ხარვეზებით თუ როგორც, შიდა მობილიზება მისმა ჯგუფმა შეძლო. მოკავშირეებად კი დასავლეთის ქვეყნების მობილიზებას ხელი შეუწყო თავად მსოფლიოში დღეს მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა – როგორც იმან, რომ ზოგადად ტირანია შეუთვსებელი და მიუღებელია თანამედროვე განვითარების მიმართულებასთან, ასევე  გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე კონკრეტულმა ცვლილებებმა – ნეოლიბერალური, პოლარიზაციაზე დაფუძნებული კონფრონტაციის ნაცვლად – თანამშრომლობის მსოფლიოსაკენ მოძრაობის ტენდენციებმა.

და ბოლოს, ეს ორი რამ რომ შესაძლებელი გამხდარიყო, საჭირო იყო არა მხოლოდ ტირანიის ბოროტების და ჩამორჩენილობის ხედვა, არამედ – პოზიტიური ალტერნატივა. მომავლის პოზიტიური ხედვა, მათ შორის, ისეთი მომავლის, სადაც ტრაკის თამაშს – ტრაკის თამაში ჰქვია, ბრიყვს ბრიყვი და ჭკვიანს – ჭკვიანი – იყო ის, რამაც ტირანიის დამხობა შესაძლებელი გახადა. როცა ამ ყველაფრს გაიგებს, ბენდუქიძე შეძლებს კულულები უკან გადაიყაროს. 

დასასრული


საიდუმლო, რომელიც გლდანის საპატიმრო ამბების გახმაურებამ გააცხადა, არის არა ის, რომ თურმე ადამიანთა ჩვეულებრივი, უწყინარი და ‘მშვენიერი’ ცხოვრებისაგან ფარულად შემზარავი მოვლენები ხდებოდა, არამედ – რომ გლდანის საპატიმრო თავად ამ ყოფის, ჩვენი ყოველდღიურობის, ფასადური აღმშენებლობის  შემზარავობის ხორცშეხმული სიმბოლო, მის უტრირებულ გამოხატულება. 

და ეს დასარულია.

გლდანის ციხე - არაა 'რაიმე სხვა'. ამ ხელისუფლების, მედიის, საჯარო ‘ინტელექტუალების’, ‘ვარსკვლავების’, ‘ფეისების’ ‘პოლიტიკა’ ყველა სფეროში - არსებითად იგივეა, რაც პატიმრებისადმი მოპყრობა საპატიმროებში.

ადამიანების წამების ეს ფაქტები იგივეა, რაც ძალაუფლების მოპყრობა პენსიონერებისადმი და სტუდენტებისადმი, გლეხებისა და ბიზნესმენებისადმი, თვით ჩვენი საცხოვრებელი გარემოსადმი, ქალაქების იერსახისადმი, გასაპარტახებლად განწირული სოფლებისადმი, საზოგადოებისადმი, თითოეული ჩვენგანისადმი, ჩვენი ისტორიისა და მომავლისადმი.

ამ პოლიტიკის არსია წამება, ადამიანების, გარემოსა და ისტორიისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, ცინიზმი და ანტიადამიანურობა.

იმისათვის, რომ საგნებს სახელები დარქმეოდა, ამ არსს სჭირდებოდა სიმბოლურ განზომილებაში გამოხატვა. გუშინ ეს სიმბოლიზაცია შედგა. ამ ხელისუფლების, მედიის, საჯარო ინტელექტუალების, ‘ფეისების’ და ‘ვარსკვლავების’ ‘პოლიტიკის’ სიმბოლო არის ცოცხი უმწეო ადამიანების ტრაკში.

სიმბოლიზაციით ყველა წრე იკვრება. აღარ არსებობს საიდუმლო, არაფერია საკითხავი, არანაირი პოტენციალი. სიმბოლიზაციით მოვლენა იქცევა ისტორიის კუთვნილებად.

ეს იყო გუშინ.

დროა მომავალს შევუდგეთ

დალტონიზმის ვნება პოლიტიკაში


გუშინ მაესტროზე გიორგი კიკონიშვილს ვუსმინე. აკრიტიკებდა მათ, ვინც ე.წ. შუაშისტებს აკრიტიკებს - ‘არჩევანი ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებაზე ვისაც დაჰყავს, მან არ იცის რომ სამყაროში მხოლოდ შავი და თეთრი ფერები არაა და მრავალფეროვანია’ - ეს იყო მისი გამოსვლის მთავარი აზრი. გამოდის, შუაშისტები არა რომელიმე სხვა ფერს (პარტიას) ირჩევენ, არამედ - მრავალფეროვნებას. ძალიან კარგი. მაგრამ სერიოზული პრობლემა გვაქვს: საკმარისია კარგად დააკვირდეთ  ამ გარეგნულად იმპოზანტურ და კეთილშობილურ ლოგიკას, მიხვდებით - სინამდვილეში წყალწყალაა. დავაკვირდეთ.

აბა მითხარით, ტექნიკურად როგორ უნდა ავირჩიოთ მრავალფეროვნება ამ არჩევნებზე? ქდმ-ს  არჩევაა მრავალფეროვნების არჩევა? ახალი მემარჯვენეების? იქნებ არა შავის ან თეთრის, და არც მრავალფეროვნების, არამედ მაგ. მწვანის ან ყვითელის არჩევა გვინდა? ან იქნებ არჩევნების ბოიკოტირებაა სწორი პოზიცია? სხვებისთვის მორალის კითხვის და დიაგნოზის დასმის უფლება მხოლოდ საკუთარი პოზიციის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი გამოხატვით მოიპოვება. მაშ, გვითხრან შუაშისტებმა - ვის აძლევენ ხმას? იმიტომ რომ ვინც ვინმეს აძლევს ხმას - შუაშისტი ვერ იქნება. და თუ ეს ასეა, გამოდის, შუაშიზმი - არჩევნებზე არწასვლა ყოფილა.

არჩევნების ბოიკოტირება დღეს კი - არაეთიკური პოზიციაა. მაგრამ  ამის დასაბუთებას მაშინ შევეცდები, თუკი შუაშისტები დაადასტურებენ, რომ სწორედ ამას გულისხმობენ.

შუაშისტების (ან მათი ნაწილის) წყალწყალა ‘ლოგიკის’ მთავარი პარადოქსი სწორედ ისაა, რომ სანამ მე ‘შავ’ (‘თეთრ’) გონებაშზუღუდულობას დამაბრალებენ, ჯერ თავად უნდა დაამტკიცონ, რომ არჩევანი არის ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის, და რომ ერთი თეთრია, მეორე კი შავი. ანუ - ჯერ რეალობის  შავ-თეთრი მოდელი უნდა დაამკვიდრონ. ეს ადამიანები ცდილობენ საკუთარი დალტონიზმი - პოლიტიკურ სისტემად აქციონ. მეტიც - დამაბრალონ, რომ სწორედ მე ვარ დალტონიკი, ისინი კი - მრავალფეროვნების მომხრე. მაგრამ მათ ეს უნდა დაასაბუთონ. მაგალითად,  უნდა გვითხრან,  რომელი პოლიტიკური ძალაა მრავალფეროვნების გამომხატველი. იმიტომ რომ საარჩევნო სიაში მრავალი პარტიის შემოხაზვა - ბიულეტენის მაკულატურად ქცევას ნიშნავს. ეგეთი ‘მრავალფეროვნება’ ვერ იქნება. და ვისაც არჩევნებზე შავისა, თეთრის, რაიმე სხვა ფერის თუ მრავალფეროვნების არჩევა უნდა - ეს კალმის მხოლოდ ერთი მოსმით უნდა გააკეთოს. სხვანაირად არ ხდება.

შუაშისტების პოზიციის აბსურდულობაც იქიდან წარმოსდგება, რომ ვერ ან არ აცნობიერებენ, რომ რეალური არჩევანი დღეს არის არა არჩევანი სააკაშვილსა და ივანიშვილს, შავსა და თეთრს, არამედ სწორედ - ერთფეროვნებასა და მარვალფეროვნებას შორის. ჩემი მოკრძალებული  აზრით, ერთფეროვან მოდელს სწორედ ნაცმოძრაობა შეესაბამება. ასევე ჩემი აზრით, არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას, გარდა თავისთავად მრავალფეროვანი კოალიციის და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ორგანიზაციებისა (სოციალ-დემოკრატები, მწვანეები, სხვა საზოგადოებრივი ან არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პერსონები...) - არ გააჩნია მრავალფეროვნების ვითარების შექმნის ასეთი დიდი პოტენციალი ჩვენ რეალობაში. ასევე ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არა ამ ორიდან რომელიმეს, არამედ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას მისცემენ ხმას - რა თქმა უნდა, სხვას შესაძლოა სხვა აზრი აქვს და სწორედ ქდმ-ს აძლევს ხმას, როგორც მრავალფეროვნების მოდელს, ან იქნებ სწორედ შავი (თეთრი, მწვანე, ყვითელი) - და არა მრავალფეროვანი სამყარო სურს. მას ამის უფლება აქვს. ძალიანაც კარგი. მაგრამ არსებითი სწორედ ესაა - მკაფიოდ და პატიოსნად გამოვახტოთ საკუთარი პოზიციები და დავასაბუთოთ ჩვენი არჩევანი შავის, თეთრის, მწვანის, ყვითელის თუ მრავალფეროვნების სასარგებლოდ. იმიტომ რომ ერთფეროვნებასა და მრავალფეროვნებას შორის არავითარი ‘შუა’ არ არსებობს. არ არსებობს შუალედური პოზიცია ცვლილებებსა და იგივეს დატოვებას შორის.

ვინც ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალის ივანიშვილის შავ (ან თეთრ) ფიგურამდე დაყვანას ცდილობს, ვფიქრობ, ღრმა გაუგებრობაშია. ივანიშვილი სწორედ მრავალფეროვნების სიმბოლოა, და არა თეთრის ან შავის.  შეხედეთ ორივე პოლიტიკურ ძალას - დავით ბაქრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, გოკა გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიგა ბოკერია,  ლადო ვარძელაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი და ა.შ.და მეორე მხრივ - ქართული ოცნება, ალასანია, რესპუბლიკელები, ტრადიციონალისტები, სოციალ-დემოკრატები, მწვენეები და ა.შ. - სადაა ერთფეროვნება, და სად მრავალფეროვნება? კი მაგრამ - გვეუბნებიან ‘შუაშისტები’ - ძალიანაც მომწონს ალასანია (ან სანიკიძე) - მაგრამ როგორ მივცე ხმა სანიკიძეს (ან ალასანიას)? სხვაგვარად რომ ვთქვათ - შავ-თეთრი სამყაროს წინააღმდეგ მრავალფეროვნების სახელით მებრძოლნი უარს ამბობენ მოცემულ მრავალფეროვან პალიტრაზე იმიტომ, რომ ამ პალიტრაზე ერთი რომელიმე ფერი არ მოსწონთ, ან იმიტომ, რომ ეს პალიტრა მთლიანად შავი, თეთრი, მწვანე ან ყვითელი არ არის (!)

აიღეთ და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასაც შეხედეთ. და თქვენთვის გამოიტანეთ დასკვნები. და მის შესაბამისად იმოქმედეთ. მიეცით ხმა იმას, ვისი არჩევითაც თქვენთვის სასურველი შავი, თეთრი, მწვანე, ყვითლი ან მრავალფეროვანი, მონოკრატიული თუ პლურალისტური პოლტიკური სიტუაციის მიღებას იმედოვნებთ. თავად გადაწყვიტეთ ვინაა ეს ძალა. მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს: მე ვფიქრობ, რომ სწორედ კოალიციის არჩევით - მარავალფეროვნების არჩევით - ჩვენ ვირჩევთ პლურალისტურ პოლიტიკურ სიტუაციას, სადაც ხვალ ყველა ის პოლიტიკური ძალაც დაიკავებს ადგილს, რომელიც დღეს კოალიციას მწვავედ უპირისპირდება. ეს უბრალოდ გარდაუვალი იქნება პოლიტიკური ლოგიკის წესების მიხედვით. და რომ ეს კარგია. მე არ მეშინია, რომ მაგ. ალასანია (სანიკიძე) სიტუაციას ‘თავის ფერზე' წაიყვანს. პირიქით, მყარად მაქვს გადაწყვეტილი ჩემი პრინციპების ერთგული დავრჩე და რაკიღა სხვათა კანონიერ უფლებებსაც ვაღიარებ, ვეცადო გადაწყვეტილებები არა ერთი რომელიმე ფერის შესაბამისი, არამედ - თანამშრომლობის, დებატების, კომპრომისების და კონსენსუსი შედეგი იყოს.  ხოლო ნაცმოძრაობის არჩევით, იგივეს დატოვებით, ისეთივე მოჩვნებითი ‘მრავალფეროვნება’ გვექნება. როგორიც დღეს გვაქვს პარლამენტში, სადაც სწორედ რეალობის შავი მოდელია წარმოდგენილი, და დემოკრატიულობის ილუზიის შესაქმნელად რუხი ფერის ვარიაციებსაც გვთავაზობენ.

მრავალფეროვნების არჩევანი რთული არჩევანია. ჩვენ გვაქვს სიჭრელისა და ქაოსის, მაგრამ არა ჰარმონიული მრავალფეროვნების გამოცდილება. ეს ნიშნავს ღია და გახსნილი პერსპექტივის არჩევას, ‘შეჩვეული ჭირის’ უარყოფას და ახლისათვის მზადყოფნას, შანსს, რომ წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ ასევე გამოცდილებას,  რომ შესაძლოა ყველაფერი ისე არც იყოს, როგორც ამ წუთას გვსურს, ამიტომ - რაციონალურ მზადყოფნას კომპრომისებისთვის, ორინტირებას კონსენსუსზე - მოკლედ, შრომას და საინტერესო ცხოვრებას. შესაძლებლობას, ვაქციოთ ჩვენი მრავალფეროვნება და განსხვავებულობა - ამოუწურავ რესურსად თანამშრომლობისა და განვითარებისთვის. მაგრამ ამისთვის გარკვეულ რისკზე წასვლაცაა საჭირო. გარანტიები არ გვაქვს. როგორც მამარდაშვილი იტყოდა, ‘მხოლოდ იმდენად ცხოვრობ, რამდენადაც ბედავ იცხოვრო’. ჭაობში ცხოვრება გარანტირებულია - კარგად იცი, სადაც არ უნდა წახვიდე, ტალახში ჩაეფლობი. ვიღაცეებმა კარგად აითვისეს ტალახში სიარულის ტექნიკა, და როგორც ყველას, ვინც რამე იცის - უჭირთ საკუთარ ამ ცოდნაზე უარის თქმა - მეტის, განვითარების სახელითაც კი.

და ნებისმიერი არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო რთულდება, როდესაც დალტონიზმი პოლიტიკაში - კეთილშობილურ ჭეშმარიტებად ცხადება. 

პოლიცია?

შეიძლება თუ არა წარმატებულად ჩაითვალოს პოლიციის რეფორმა, თუ რეფორმის საბოლოო შედეგი – პოლიტიზირებული პოლიციაა?

შეიძლება თუ არა, ცივილიზებულად ჩაითვალოს ქვეყანა – პოლიტიზირებული პოლიციით?

უნდათ თუ არა თავად რიგით პოლიციელებს პოლიტიკური დაკვეთების შესრულება?

თუ პოლიციელებს ურჩევნიათ ისეთი ქვეყანა, სადაც მხოლოდ წესრიგს დაიცავენ, პოლიტიკური დავალებები და ფუნქციები გამოაკლდება მათ საქმიანობას, და ეს უარყოფით გავლენას არ მოახდენს მათ მატერიალურ კეთილდღეობაზე?

ფარისევლობა, როგორც 'საზოგადოებრივი პოზიცია'



ქვეყნის პრეზიდენტი ვალდებულია ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს ამაღლდეს ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებზე, უარი თქვას წვრილმან ბოღმასა და ცრუპენტელობაზე, ცილისწამებაზე ოპონენტების მიმართ, საკუთარი განდიდების მიზნით – სხვათა დამცირებაზე, და რაც არ უნდა აღიზიანებდეს განსხვავებული აზრი – საჯარო სივრცეში მოთოკოს ვნებები, შეასრულოს ქვეყნის ყველა მოქალაქის თავისუფლებისა და თვითგამოხატვის, საზოგადოებრივი ერთიანობის გარანტორის ფუნქცია.

პრეზიდენტის საჯარო გამონათქვამები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს სახელმწიფოს სიმბოლოდ მიიჩნევს, მას ამ ფუნქციის შესრულება არ შეუძლია.

განსხვავებულად მოაზროვნეთადმი განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის სიმდაბლეზე მიუთითებს, არამედ წაახალისებს ძალაუფლების მფლობელი ინსტიტუტების მიერ ოპონენტთა ფიზიკურ ანგარიშწორებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დევნას, ახშობს და ავიწროებს თავისუფლების სივრცეს და მას (თავისუფლებას) – მხოლოდ ელიტების განუკითხაობის პრივილეგიად აქცევს.

მისგან განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეების, სასწავლო სისტემის რეფორმის მოსურნე სტუდენტების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებისადმი ‘ჩარეცხილებად’, ‘ოროსნებად’, ‘იდიოტებად’ მოხსენიება საჯარო, ხშირად მრავალათასიან შეხვედრებზე არის შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის – ‘უცხოსადმი’ ზიზღის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მაგალითები. არანაირი ‘პერსონალური’ მომენტებით, კოლექტიური სტერეოტიპების სპონტანური გამოხატვით და ა.შ. ამ შეუწყნარებლობის გამართლება არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც არც ერთხელ (!) პრეზიდენტს თუნდაც ამ ‘წამიერი სისუსტის’ გამო ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე.

ვფიქრობ, უფლება მაქვს ადამიანები, ვინც ბევრს წერენ ან 'იბრძვიან' ჩვენში ტოლერანტობის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის გამოვლინებათა წინააღმდეგ, საკუთარ თავს ‘დარგის ექსპერტებად’ წარმოგვიდგენენ, მაგრამ საჯაროდ  არ აკრიტიკებენ პრეზიდენტს სწორედ შეუწყნარებლობის ატმოსფეროს ფორმირებაში შეტანილი დიდი, შესაძლოა, საკვანძო წვლილისათვის – ყველაზე უკეთეს შემთხვევაში – ფარისევლებად მივიჩნიო. მაგრამ,  თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრივი ქცევის წონას და ფასს, იმას, რომ უსამართლობაზე თვალის დახუჭვით ჩვენ არა უბრალოდ ‘არაფერს ვაკეთებთ’, არამედ, რომ ეს ‘ქცევაა’, რომლითაც ხელს ვუწყობთ უსამართლობის დამკვიდრებას და შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვიღებთ მის შედეგებზე – ჩემი აზრით, ‘სიტყვა ‘ფარისეველი’ მათ მიმართ რევერანსადაც კი წარმოგვიდგება. 

აღსდგება თუ არა კონსტიტუციური წესრიგი?


2008 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ ‘კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად’ ცხინვალის მასირებული დაბომბვა წამოიწყო.  ეს იყო ამ ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულებრივი შეცდომა. ეს დანაშაულია ალბათ ის ერთ–ერთი უმთავრესი, რითაც პირველ რიგში შევა ისტორიაში მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ეპოქა.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არასდროს ჰქონია. ჩვენსავე განვითარების ინტერესებს რომ თავი გავანებოთ, ამას ითხოვდა და ითხოვს დასავლეთიც. ითხოვდა ომამდეც – თუმცა ამას ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უმალავდნენ და უმალავენ მოსახლეობას. ნატოში გაწევრიანების მთავარ წინაპირობად ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ლიდერები ყოველთვის სწორედ კონფლიქტებისა და რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიან მოგვარებას აყენებდენ. ამ პირობებში პოლიტიკური სიბეცით, არაკომპეტენტურობით და უმწიფარობით გამოწვეული ავანტიურა, პუტინის რეჟიმის ინტერესებზე მუშაობა და ცხინვალზე ფართომასშტბიანი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა იყო უმძიმესი დარტყმა ქვეყნის პერსპექტივისთვის, დასავლური ორიენტაციის უარყოფა, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის საფუძვლების მოშლა, კონფლიქტის მოგვარების გაურკვეველი დროით გადავადება.

ის, რაც სამხრეთ ოსეთში ‘კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის’ ნაცვლად უნდა გაკეთებულიყო, იყო და არის:

კონსტიტუციური წესრიგის დამყარება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებდა და აკონტროლებს.

როგორიც არ უნდა იყოს ქვეყანა რეალურად დღეს, ის უნდა ისწრაფოდეს იყოს ისეთი, როგორიც კონსტიტუციით დაადგინა ხალხმა. კონსტიტუციურად საქართველო – დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოა. და არა ბაზარი, არა ჯუნგლები, რომლად გადაქცევასაც ცდილობს ხელისუფლება ბოლო 9 წლის მანძილზე.


მხოლოდ ამ – საზოგადოების მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული წესრიგის დამყარებას – ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას და გაღრმავებას, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობას, ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, ჯანდაცვის, განათლების სისტემების ხელმისაწვდომობას, განვითარებულ ეკონომიკას, თავისუფალ სასამართლოს, სრულფასოვან კულტურულ პროცესებს, რაც მთავარია – ჩვენი განვითარების უმთავრეს პირობად – მშვიდობის აღიარებას შეუძლია უზრუნველყოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანთა სიცოცხლის ხარისხის ზრდა, არამედ: მოხსნას შიშისა და გაუცხოების, უნდობლობის ფაქტორები ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობისას, შექმნას საფუძვლები ადამიანთა შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული სავაჭრო–ეკონომიკური, შემოქმედებითი, სახალხო დიპლომატიური ურთიერთობებისათვის, და შეამზადოს ნიადაგი ეროვნული ერთობის აღსადგენად.

გრძელია თუ მოკლე ეს გზა, რთულია თუ მარტივი – ეს არის ერთადერთი გზა.

ბოლო დღეებში გააქტიურებული სახელისუფლებო ისტერიკა, ხმამაღალი ყვირილი, რომლითაც ძალაუფლების მპყრობელნი საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას ცდილობენ, ირაციონალური განწყობებისა და ფსიქოლოგიური ტერორის დამკვიდრება იმით, რომ ყველა განსხვავებული აზრი – სამშობლოს ღალატად გამოცხადდეს –  კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და გასაგებად ცხადყოფს ყველასათვის, ვისთვისაც არსებობს უფრო მაღალი მიზნები, ვიდრე ძალაუფლების და პრივილეგიების შენარჩუნებაა:

არსებულ რეჟიმს არ სურს და არ შეუძლია ქვეყნის კეთილდღეობის, განვითარებისა და მთლიანობის ინტერესების შესაბამისად მოქმედება. დღეს საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების სათვეში იმყოფება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სრულიად შეუსაბამოა იმასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუცია – საზოგადოების შეთანხმება თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. 

ქსენოფობია – მიშიზმია


ვინც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჰომოფობიასა და ქსენოფობიაზე, ადამიანის ღირსების დამამცირებელ ქცევაზე ლაპარაკობს – არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში ეს ყველაფერი, ასევე ქცევისა და მეტყველების  უხამსი, მდარე და უგემოვნო სტილი დაამკვიდა მიხეილ სააკაშვილმა.

ქსენოფობების და ა.შ. ნაკლებობა პოსტსაბჭოთა სივრცეში არასდროს ყოფილა, მაგრამ გამსახურდიას დროს ეს არ გამხდარა ჩვენი ‘მიჩვეული’ ყოველდღიურობა, შევარდნაძეს კი ასეთი სიმდაბლე არასდროს უკადრია.


სწორედ პრეზიდენტის – ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირის მიერ: 

ასლან აბაშიძის ‘ასლან იბრაგიმის ძე აბაშიზედ’ მოხსენიებით – დამცირების მიზნით, რათა მისი არაქართული ან არამართმადიდებლური წარმომავლობისთვის გაესვა ხაზი და ანტითურქული განწყობები გაეღვივებინა, 

ტელეეთერით ირინა სარიშვილისთვის ‘კახპას’ წოდებით, 

‘ზანგების’ დამამცირებელ  ეპითეტებად მოხსენიებით, 

ყველანაირი, მათ შორის, ზრდილობის პრეზუმფცის დარღვევით არასრულწლოვანი ბავშვისთვის ‘ხულიგნის’ წოდებით და დამცირებით, 

მისდამი ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტებისათვის ‘ოროსნების’ ძახილით, 

‘ჩარეცხილებით’ და ა.შ. – იქცა ქსენოფობია და პოლიტიკური კულტურის სიმდაბლე საზოგადოებრივ პრობლემად.

აღარაფერს ვამბობ მანტრასავით ამაყად სამეორებელ ანტირუსულ გამოთქმებზე, მისი მინისტრების და სხვა ხელისუფალთა სხვა 'მარგალიტებზე', რომლებიც ყველას გვახსოვს , მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რაღაც მანქანებით საერთოდ გაქრა youtube-დან

სწორედ ამიტომ მიმაჩნია ჰომოფობია და ქსენოფობია – ‘მიშიზმის’ ნაირსახეობად. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ როცა ვინმე სხვას რელიგიური, ორიენტაციის, ეთნიკური ან სხვა რამ ნიშნით შეურაცხყოფს – ამ ხელისუფლებას, მის ლოგიკას ემსახურება. და იმედი მაქვს რომ მალე საზოგადოება, და ახალი ხელისუფლება მათ შორის, გათავისუფლდება მიშიზმის ამ ფორმისაგან

სტიპენდიების შესახებ

ეს ტექსტი ოთხი წლის წინ, ჩემი რექტორის მრჩევლად მუშაობისას სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოსადმი მიმართვას წარმოადგენს, და აკადემიაში სტიპენდიების გაცემის წესის შეცვლის შესახებაა. ამავე დროს, ამ იდეის განხორციელება შესაძლოა გამხდარიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტუდენტური მონაწილეობის მნიშვნელოვანი პრეცედენტი.

რა თქმა უნდა, სერიოზული განხილვის საგნადაც არ გამხდარა – საბჭოზე წაიკითხეს, თქვეს, რომ რაინდული (!) წინადადებაა, მაგრამ... მხარი არ დაუჭირეს, და არც ჩემი არგუმენტების მოსმენით შეუწუხებიათ თავი.

ეს ტექსტი გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა (გაცილებით სერიოზული მიზეზებიც იყო), მაგრამ ერთ–ერთი ფაქტორი კი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს, მსგავსი იდეებისათვის ‘ბოლშევიზმისა’ და ‘რექტორთან კონცეპტუალური შეუთავსებლობის’ ბრალდებით სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. იმიტომ ვაქვეყნებ, რომ ეს იდეა დღესაც, უფრო სწორად – ხვალ ასაშენებელი განათლების სისტემისთვისაც აქტუალური მგონია.



მიმართვა სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს


ამ მიმართვის მიზანია შემოგთავაზოთ სასწავლო (სტუდენტური) სტიპენდიების განაწილების სოციალურად სამართლიანი პრინციპის შესახებ მოსაზრების განხილვა.

მოგეხსენებათ, ტრადიციულად სტუდენტური სტიპენდიების გაცემის საფუძველს წარმოადგენს სწავლის ხარისხის შეფასება – სტიპენდიას სტუდენტები აკადემიური მოსწრების მიხედვით იღებენ, ან არ იღებენ.

გარდა აკადემიის მიერ დაწესებულისა, დღეისათვის არსებობს პრეზიდენტის სტიპენდიაც, რომელიც განსაკუთრებით წარჩინებულ სტუდენტებს ენიჭებათ. მაღალი აკადემიური მოსწრების ამგვარი წახალისება უდავოდ მნიშვნელოვანი სტიმულია ყველასათვის და საბოლოო შედეგის თვალსარისით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლის ზოგად ხარისხზე.

სამომავლოდ ასევე შესაძლებელია მრავალ ქვეყანაში არსებული პრაქტიკის წარმოდგენაც, როდესაც სტიპენდიებს საკუთარი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ჯგუფები თუ ადამიანებიც აწესებენ – კერძო პირები (მაგ. ბიზნესმენები, ფილანტროპები), კორპორაციები, ფონდები, პროფესიული კავშირები და ა.შ.

ყველა ამ შემთხვევაში სტიპენდიების გაცემას სტუდენტთა აკადემიური მოსწრება უდევს საფუძვლად.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტიპენდიაზე წარსადგენ სტუდენტებს თავად სასწავლებელი გამოავლენს. რამდენადაც აკადემია სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სწავლის ხარისხის შეფასების მისი კრიტერიუმები არ შეიძლება განსხვავდებოდეს განათლების სახელმწიფო პოლიტიკის კრიტერიუმებისაგან.

ცხადია, მაღალი აკადემიური მოსწრების ჩვენებას სტუდენტის მხრიდან დიდი შრომა ესაჭიროება, რაც თავის მხრივ, სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას მოითხოვს. თავად მაღალი აკადემიური მოსწრების ფაქტი ცხადყოფს, რომ ის სტუდენტები, ვინც კარგად სწავლობენ, მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი არიან ამგვარი პირობების აუცილებელი მინიმუმით.

მაგრამ ყველა ჩვენგანისათვის ასევე ნაცნობი ემპირიული გამოცდილების თანახმად, არიან სტუდენტები, რომლებიც მაღალ აკადემიურ მოსწრებას მხოლოდ იმის გამო ვერ აღწევენ, რომ სათანადო სასწავლო თუ ყოფითი პირობები არ გააჩნიათ. ცხადია, რომ ნიჭის, უნარებისა და მონდომების თანაბრობის პირობებში ის სტუდენტი აჩვენებს უკეთეს შედეგს, რომელსაც მეტი თავისუფალი დრო, მატერიალური სახსარი, სამუშაო გარემო აქვს თვითგანვითარებისათვის, ხოლო ის, ვისაც საყოფაცხოვრებო, სამუშაო მასალის შესაძენი თუ ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ფინანსების ძიებაში საკუთარი დროის და ძალისხმევის გაყოფა უწევს ამ სახსრების მოსაპოვებლად, ვერასდროს შეძლებს იგივე შედეგის ჩვენებას.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი, სოციალური, უბრალოდ ადამიანური სამართლიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, აკადემიური მოსწრებისათვის დაჯილდოების უკვე არსებული პრაქტიკის გარდა, სტიპენდიები მიეცეს მათაც, ვისაც იგი სწავლისა და განვითარების ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად უკიდურესად ესაჭიროება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიტერიუმი – სწავლის მაღალი ხარისხი უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ აქცენტი – ფულს ვაძლევთ არა მხოლოდ მას, ვინც უკვე კარგად სწავლობს, არამედ მასაც, ვისაც ეს ფული სწორედ უკეთ სწავლისთვის სჭირდება.

მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ უნდა მოხდეს ამ კატეგორიის სტუდენტთა განსაზღვრა. მიუხედავად ზოგიერთი ტექნიკური ხასიათის პრობლემის შესაძლებლობისა, მიმაჩნია, რომ საუკეთესო გზა იქნებოდა, ამის განსაზღვრა სწორედ სტუდენტებისათვის მიგვენდო - ვფიქრობ, რომ ყოველი მათგანის მიერ ფარული კენჭისყრით გამოვლენილი გადაწყვეტილება კანდიდატების შესახებ საბოლოოდ ყველასთვის მისაღები იქნება. თუმცა შეიძლება სტიპენდიატის გამოვლენის ამგვარი  მეთოდი მხოლოდ დამხმარე საშუალება იყოს იმ პირებისათვის, ვისაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში სტუდენტთა ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში აუცილებლად მიგვაჩნია.

გთავაზობთ შეიქმნას მცირე სამუშაო ჯგუფი, რომელიც დისკუსიის პირობებში ჩამოაყალიბებს პოზიციებს წინადადებასთან დაკავშირებით და პრინციპული მხარდაჭერის შემთხვევაში, დეტალურად განსაზღვრავს მისი განხორციელების გზებს.


04/08/2008

დავალება სავლესთვის

ივანე მერაბიშვილი



თუ ვინმეს ჰგონია, რომ უმუშევრობა, განადგურებული ჯადაცვის, განათლების სიტემა და ა.შ. ჩვენთ - ცუდი მენეჯმენტის შედეგია, და გამოსავალი კარგი მენეჯერია - ჩემი აზრით, ძალიან ღრმა გაუგებრობაში იმყოფება. ის, რასაც აკეთბდა ივანე მერაბიშვილი აქამდე - რეპრესიული აპარატით 'ბრძოლა' ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებთან, ციხეების გავსება რეკორდულ მაჩვენებლებამდე, შიშის და ტერორის დამკვიდრება, ყველაზე მაღალი რანგის ყველაზე მძიმე დამნაშავეებზე ხელის დაფარება - არის იმ პოლიტიკის უმთავრესი ნაწილი, მეტიც - როგორც პრეზიდენტი იტყოდა, ხერხემალი, რომელსაც არსებული ნეოლიბერალური ხელისუფლება განახორციელებს. ეს პოლიტიკა 'ნულოვან ტოლერანტობას' უცხადებს წვრილმან დანაშაულს, მაგ. მრავალშვილიან მამას რამოდენიმე წლით ციხეში გამოამწყვდევს 2 კილო ალუმნის ოპარვისთვის, და არაფერს აკეთბს იმისათვის, რომ იგი იძულებული არ გახდეს დამშეული შვილების გამოსაკვებად უკანასკნელ გზას მიმართოს - იქურდოს. ეს პოლიტიკა მარიხუანას მოწევისთვის ციხეში ალპობს და სახლ-კარს აყიდვინებს ადამიანს, და არაფერს აკეთბს იმისათვის, რომ თვითრეალიზაციის შეუძლებლობით გამოწვეული დათრგუნულობისა და სტრესების გამო იმ ახალგაზრდებმა, ვინც საზღვარგარეთ გაღწევა ვერ მოახერხეს, გამოსავალი ნარკოტიკებში არ ეძებონ.

რაულ იუსუპოვი

ის ანტიადამიანური პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს დღემდე, შეუძლებელია მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყანაში, და შესაძლებელია მხოლოდ იქ,  სადაც მედია კონტროლდება, მშრომელთა უფლებები ფეხქვეშაა გათელილი, სტუდენტობა - შემოსავლის წყაროდ და სისტემის მომავალ რობოტებად განიხილება, შედეგად კი ბანკების და დეველოპერული-სამშენებლო ფირმების, ჯანდაცვის-ფარმაცევტული-სადაზღვევო-სამშენებლო ერთობლივი 'ბიზნესის' ხელმძღვანელები - ათასობით ადამიანის მოტყუებით, ჯანმრთელობის განადგურებით და ქონების წართმევით საარაკოდ მდიდრდებიან,  ერთი მუჭა ელიტის წარმომადგენლები - სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის შეგნებული და მიზანმიმართული განადაგურების და მისი იმპორტით ჩანაცვლების ხარჯზე აგროვებენ მილიონებს, სახელისუფლებო ელიტა საკუთარი თავისთვის  მაღალი ხელფასებისა და უფრო მაღალი პრემიების დანიშვნით - კორუფციის ლეგალიზებით აგროვებს ქონებას, და ა.შ.

და ამ ვითარების შესანარჩუნებლად საჭიროა რეპრესიული აპარატი, რომელიც ტერორით ალაგმავს პროტესტს, რომელიც ქუჩაში გასვლამდე - გვირგვლიანს, ვაზაგაშვილს,  ჟვანიას, იუსუპოვს, 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს  და ა.შ. გაახსენებს თითოეულ ადამიანს.

და ამ - რეჟიმისათვის ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქციას დღემდე ასრულებდა ივანე მერაბიშვილი.

დღეს მას დაევალა ამ რეჟიმის დიამეტრალურად საპირისპირო პოლიტიკა განახორციელოს, პოლიტიკა, რომელიც შეუძლებელია ადამიანთა შორის სოლიდარობის, სოფლის მეურნეობისა და ინდუსტიის განვითარების, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის, პროგრესული საგადასახადო პოლიტიკის, პრინციპულად სხვაგვარი საგარეო ურთიერთობების, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავისუფალი მედია-სივრცის  - მოკლედ, იმ ყველაფრის გარეშე, რის გასანადგურებლადაც დღემდე იბრძოდა მერაბიშვილი დანარჩენ ხელისუფლებასთან მეტად, მაგრამ - უფრო მეტი თავგამოდებით.

მოკლედ, სავლეს დაევალა გადაიქცეს პავლედ.

სავლემ ჩვეული თავმდაბლობით მიიღო დავალება, და როგორც ჩანს, უკვე ბეჯითად შეუდგა შინაგან ტრანსფორმაციას. ხალხი გაოცებამ, ზოგი - აღფრთოვანებამაც კი მოიცვა...

მაგრამ ასეთი გარდაქმნები შეკვეთით არ ხდება. იმის შიშს, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, შეუძლია ადამიანი უფრო ვერაგი, მზაკვარი და ულმობელი გახადოს, მაგრამ არ შეუძლია შინაგანად გარდაქმნას იგი. ამოცანა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, არაა ‘მორიგი ამოცანა’, მით უმეტეს, ‘უკეთ გასაკეთებელი საქმე’. ეს უპირველეს ყოვლისა, პრინციპულად სხვაგვარი აზროვნებაა, რომელიც ადმინისტრაციული დირექტივებით ვერასოდეს მიიღწევა. დღეს ქართული საზოგადოების ამოცანაა არა სახელების და გვარების - მათ შორის, სააკაშვილის შეცვლა - ივანიშვილით (რომელმაც თავის წვლილი შეიტანა ‘მერაბიშვილის მითოსის’ დამკვიდრებაში), არამედ - პოლიტიკური ლოგიკის რადიკალური განახლება, პოზიტიური ალტერნატივის შექმნა, პრინციპულად სხვა კურსით სვლა.

26 მაისის დარბევა

მაგრამ, როგორც პოლ ვალერი იტყოდა, მითი არის ის, რაც კარგად დაკვირვებისას - თოვლივით დნება. და ვინც კარგად აკვირდება სიტუაციას, მან იცის - ხელისუფლების ეს ნაბიჯი მის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში დამკვიდრებულ სტილს სრულად შეესაბამება, და ძალზე უკვირს, რატომ მიიღეს იგი სიურპრიზად. ახსოვს ათობით სხვა მოხსნა თუ დანიშვნა. და ამის შედეგებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავს. დაკვირვებულ ადამიანს მხოლოდ გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვა შემუძლია მათ მიმართ, ვინც წამით მაინც დაიჯერა, რომ რაიმე პრინციპულად ახალი მოხდა, რომ ხელისუფლებას რაიმე სხვა მიზეზი ან მიზანი ამოძრავებს, ვიდრე აქამდე ამოძრავებდა - ძალაუფლების - და მასთან დაკავშირებულ ყველა სიკეთეთა შენარჩუნება - ნებისმიერ ფასად.

გონების ტოტალური სიჩლუნგე - განათლების წინააღმდეგ



Must Carry - Must Offer პრინიპის საწინააღმდეგოდ პარლამენის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა დღეს ძალზე საინტერესო არგუმენტი მოიყვნა: მისთვის სრულიად გასაგებია, რატომ არ სურთ საკაბელოებს ყველა ტელეკომპანიის ჩართვა. "ჩემთვის რომ ეთხოვა ვინმეს, მარქსის "კაპიტალი" დაბეჭდეო, არ დავბეჭდავდი", – განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ სრულიად გასაგებია საკაბელოებს, ყველა ტელევიზიის ჩართვა რომ არ სურთ’.


ეს კაცი - 'ხალხის რჩეული',  ბ-ნი ნუგზარი - თავის დროზე თსუ-ს გამომცემლობის ხელმძღვანელი თუ სტამბის გამგე თუ რაღაც ეგეთი ყოფილა. ალბათ გასაგებია ჩვენი განათლების სისტემაში სიბნელის მიზეზი.

თუ რომელიმე ცივილიზებულ ქვეყანაში უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელი ჯორზე შეჯდებოდა - გინდა თუ არა, მარქსს არ დავბეჭდავო - კარიერის ბოსტანში გაგრძელება მოუწევდა. 

იმიტომ რომ იქ - ამ ცივილიზებულ სამყაროში - შეუძლებელია მოძებნოთ საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებიდან, სულ მცირე, რამოდენიმე ფაკულტეტზე მაინც, მარქსის ამოღებას შესაძლებლად მიიჩნევს. მარქსი შეიძლება არ გიყვარდეს, გძულდეს, მის ხსენებაზე მუწუკები გაყრიდეს, ღმერთი გძულდეს იმის გამო, რომ მარქსის გაჩენა დაუშვა, მაგრამ - რაკიღა გაჩნდა - შეუძლებელია გვერდი აუარო პოლიტიკის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის შესწავლისას. არ არსებობს უნივერსიტეტი ცივილიზებულ სამყაროში სადაც მსგავსი რამ შესაძლებელია! 

შეუძლებელია ფილოსოფიის შესწავლა მარქსის დიალექტიკის გარეშე! ამის ცოდნის გარეშე დღეს ფილოსოფოსი არ არსებობს! შეიძლება დაუპირსპირდე მას, არ მოგწონდეს, მაგრამ ამისთვის უნდა იცოდე. როგორც მაგ. კარლ პოპერი, რომელიც თავად მარქსისტი იყო, მაგრამ შემდეგ დაუპირსპირდა. 

მარქსი დურკჰეიმთან და მაქს ვებერთან ერთად თანამედროვე სოციოლოგიის ფუძემდებლად ითვლება. ოღონდ ამათგან ყველაზე ‘ბებერი’ და პირველია! აი რას ამბობს ისაია ბერლინი, სხვათა შორის, ჩვენებური საბაზრო ფუნდამენტალისტ-ნეოლიბერალების საყვარელი ავტორი: ‘მარქსი უნდა მივიჩნიოთ თანამედროვე სოციოლოგიის ‘ჭეშმარიტ მამად’, რამდენადაც ვინმეს შეიძლება ამ ტიტულზე პრეტენზია გააჩნდეს’ (Isaiah Berlin: Marx may be regarded as the "true father" of modern sociology, "in so far as anyone can claim the title). 

ეკონომიკაზე აღრაფერს ვამბობ! აბა იკითხონ ამ ‘ხალხის რჩეულებმა’, მათ კუმირებს - ჰაიეკს, ფრიდმანს და ა.შ. უნივერსიტეტებში უბეჭდავდნენ მარქსს თუ არა? წაკითხული ჰქონდათ თუ არა? როგორ უნდა დავასკვნა, მარქსი ცუდია თუ კარგი, თუ წიგნი არ დამიბეჭდეს და არ ვისწავლე? 

ამათი ლოგიკა გასაგებია: ნუგზარმა იცის რომ ცუდია. რაღა საჭიროა სწავლა, უნდა ვენდოთ სიტყვაზე! 

ჩემი აზრით, რეალური მიზეზი ერთადერთია - საკმარისია გაიგო მარქსი - ან საერთოდ რაიმე მართლა გაიგო - გათავისუფლდე პიარისა და პროპაგანდის გავლენისაგან,  რომ საფუძვლიანად და სამუდამოდ მიხვდები, რა იდიოტიზმთან  გაქვს საქმე. ეს კი ბუნებრივია არ აწყობთ. 

განსაკუთრებით -  ძვირფასო სტუდენტებო, ვისაც დღეს ცდილობენ ტვინი გამოგირეცხონ: ეს ტენდენცია უკვე აღარაა სასაცილო. ესაა უკიდურესად საშიში და ანტისაზოგადოებრივია ბრძოლა თქვენი განათლების წინააღმდეგ! როგორი იქნება თქვენი განათლება გამოწვევებითა და სირთულეებით აღსავსე თანამედროვე მსოფლიოში, თითოეული ჩვენგანის ძალისმხევას და პოტენციალის რეალიზებას რომ ითხოვს? როგორიც ნუგზარს უნდა, თუ როგორც თავად ისურვებდით?


ლაზიკა ბოროტებაა


ლაზიკა



ლაზიკას მშენებლობა  ზოგადად ჩვენში  ‘რევოლუციის’ შემდეგ დაწყებულ მშენებლობათა ლოგიკის გაგრძელებაა. თავისთავად შენებაში რა თქმა უნდა ბოროტი არაფერია. მაგრამ: დავაკვირდეთ, რისი მშენებლობა ხდება ძირითადად? მშენებლობების პროცესი  მიმართულია ერთი რამისკენ - ისეთი ქალაქების იმიჯების შესაქმნელად, რომელმაც ქვეყანა მიმზიდველად უნდა წარმოადგინოს ტურისტისთვის, უპირატესად, ფულიანი ტურისტისთვის. სასტუმროები, კაზინოები, რესტორნები, ფასადები, ასევე გზები, რომლებიც ამ სასტუმროებისა და კაზინოებისაკენ მიგვიძღვებიან, შესაბამისი ინფრასტრუქტურა... ასევე, იმისკენ, რამაც დიდი ფულის მფლობელებს ჩვეული კომფორტისა და უსაფრთხოების განცდა უნდა შეუქმნას: ბანკები, პოლიცია და ციხეები...


სახელმწიფოს თითქმის არ აქვს ფული ყველაზე მთავარი მშენებლობებისთვის: სკოლებისთვის, ქარხნებისთვის და ა.შ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ პოლიტკის და საქმიანობის მთავარი მიზანი რომ მშენებლობაა -  ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, და არა - კეთილდღეობის და დემოკრატიის მშენებლობა - ეს  უკვე არის ბოროტება. თავის დროზე მერაბ მამარდაშვილი აკრიტიკებდა საბჭოური მითოსის ერთ მთავარ შემადგენელს - იმ რწმენას, რომ რაიმე ნაგებობის შენებით - სოციალიზმს ვაშენებთ.  კიდევ დიდხანსაც რომ დარჩეს ძალაუფლებაში, საეჭვოა ამ ხელისუფლებამ იმის მეასედი შეძლოს, რაც ამ თვალსაზრისით შეძლეს სტალინმა, ჰიტლერმა, პინოჩეტიმ - ისტორიაში მსგავსი მასშტაბების მოდერნიზაციის პროექტების ანალოგების ნახვა ალბათ შეუძლებელია. მაგრამ - მოდერნიზაცია და მშენებლობა - დემოკრატიას და კეთილდღეობას რომ არ უდრის - დიდი ხნის წინ დამტკიცებული, ბანალური ჭეშმარიტებაა. მაშ რას უდრის?

ლაზიკის მერიის მაკეტი

რა თქმა უნდა, მიზანი არაა  ტურისტების მოზიდვა. ეს მხოლოდ მთავარი მიზნის ‘გაპრავებაა’. რაღაცით ხომ უნდა გამართლდეს მთელი ეს ისტერიკა.  რეალური მიზეზი გაცილებით სერიოზულია - ფულის კეთება თავად ამ გრანდიოზული მასშტაბების მშენებლობით! ესაა 'ბიზნესი', სადაც ყველაზე დიდი ფული კეთდება ყველაზე უმტკივნულოდ.  ესაა პროცესი, რომელიც თითქმის 40 წელია მიმდინარეობს ნეოლიბერალიზმის ეგიდით, რომელმაც უკვე მოიტანა შედეგები, და რომელიც კარგადაა შესწავლილი საიმისოდ, რომ ვიცოდეთ, რას გვიქადის ეს პროცესი ჩვენ - ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ამ პროცესის ვრცელი და საუკეთესო აღწერა შემიძლია შემოგთავაზოთ დევიდ ჰარვის ტექსტის სახით, რომელსაც ამ ლინკზე იპოვით: http://www.mediafire.com/?plbdff0mv7lhe74

საქმე იმაშია, რომ ურბანიზაცია - საქალაქო ტიპის მშენებლობები - საუკეთესო მეთოდია დაგროვილი და ჯერ გამოუყენებელი, ჭარბი კაპიტალის დასახარჯად, რათა მან კიდევ უფრო მეტი მოგება მოუტანოს მის მფლობელებს. ჭარბი კაპიტალი განუწყვეტლივ ეძებს ადგილს ყველგან მსოფლიოში, სადაც ინვესტიციის სახით და დიდი მოგებისთვის შეძლებს დაბანდდეს. სამწუხაროდ, ბრმა რწმენის მიუხედავად, რომ ეს ყველასთვის კარგია, პრაქტიკა საპირისპიროს აჩვენებს. ამგვარი ურბანიზაციის შედეგები მრავალ ქვეყანაში, სადაც ნეოლიბერალური მეთოდები გამოიცადა, ყოველთვის კატასტროფულია (ამის კონკრეტული მაგალითების შესახებაც ჰარვის ტექსტში წაიკითხავთ). ჩვენც უკვე ვგრძნობთ ამ უგუნური მიდგომების შედეგს, და თუ ეს დაუყოვნებლივ არ აღიკვეთა, კატასტროფის იმ ზღვარს მივუახლოვდებით, რომლიდან გამოსავალი უკიდურესად რთული და ხანგრძლივი იქნება.


ლონდონის მერია

რა თქმა უნდა, ეს მეთოდი უბრალოდ არცოდნით ან გამოუცდელობით გამოწვეული შეცდომა არაა.  წესით, დღეს ამ მიდგომების ადეპტებმა კარგად უნდა იცოდნენ შედეგები. და საქმეც იმაშია, რომ იციან კიდეც. თუ პირველ ექსპერიმენტატორებს რაღაც გამართლება მინც შეიძლება ჰქონოდათ - რადგან შედეგები ჯერ არ იყო ყველასათვის თვალსაჩინო - დღეს ეს მიზანმიმართული ბოროტებაა. ფულის ამ ურიცხვი რაოდენობის ასეთი ხარჯვის შედეგად გაფუჭებული საქმე ჩვენი გამოსასწორებელი იქნება. სამაგიეროდ, დაგროვილი ასეული მილიონებით, შესაძლოა მილიარდებით, დღევანდელი ხელისუფლება ხვალ უკვე თავად, სხვაგან  ეცდება კაპიტალის გამრავლებას მსგავსი მეთოდებით. ასევე, ფულის გამოყენების სხვა გზას მონახავენ სახელისუფლებო მედია, ე.წ.  ‘საჯარო ინტელექტუალები’ ‘ფეისები’ და ა.შ., რომელთაც ამ უზარმაზარი მოგებიდან ნასუფრალი ეკუთვნით უკიდურესად აუცილებელი საქმიანობისათვის: ხელისუფლების გუნდრუკის კმევა და ხალხის ‘დაბოლება’ წამით რომ არ შეწყვიტონ. ამაზე ბევრს აღარ შევჩერდები, მითითებულ ტექსტში ამომწურავადაა პროცესი ახსნილი.

რას ნიშნავს კერძოდ ლაზიკის მშენებლობა: ხალხის აყრას თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან, გადასახლებას ჭაობებში და კვალიფიკაციების არქონის გამო, მათ მხოლოდ ფიზიკურ ძალად გამოყენებას, მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაოებზე იაფ მუშახელად, ლამის მონებად დასაქმებას - ეს ყველაფერი უწყვეტი ხმამაღალი და ზეიმური პროპაგანდის ფონზე. ჩვენი დღვანდელი შრომის კანონმდებლობა და ხალხის უკიდურესი გაჭირვება სამოთხის პირობებს ქმნის იმ კორპორაციებისათვის და კერძო პირებისთვის, ვისაც მონები სჭირდება, რათა კიდევ უფრო მეტი ფული მოიგოს ამ პროცესიდან - ხელისუფლების მხრიდან მონების შეთავაზების გარეშე, საეჭვოა ინვესტორთა მოზიდვამ სასურველი მასშტაბი მიიღოს. ამ ხალხის ნაწილი ალბათ იქვე დარჩება, რადგან არავითარი პირი არ უჩანს, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრა შეუძლია, ან სურს. შესაბამისად, წასვლასაც აზრი არ ექნება.  და ვისაც ბედი გაუღიმებს, იქაურ ფეშენებელურ სასტუმროებში, რესტორნებში, კაზინოებში და ა.შ. დამლაგებლის და მოახლის როლს შეასრულებს, სხვა დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე, ყველაზე მეტი - ბანკის მოლარედ იმუშავებს დამამცირებლად დაბალ ხელფასებზე.


ლაზიკა (მაკეტი)

ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კატასტროფულ საზოგადოებრივ შედეგებს გამოიწვევს, რაც ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდების და მომავალი თობების აღმოსაფხვრელი იქნება. მაგრამ იმას, ვინც ამ პროცესიდან ხვალ და ზეგ მილიონებს იშოვიან, ასევე, ზემოხსენებულ ნასუფრალზე მცხოვრებთ, ეს არ ადარდებთ. 


ამ პროცესის მრავალ კატასტროფულ შედეგთა შორის იქნება მდიდართა და ღარიბთა შორის უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავება, სიღატაკე და გაუნათლებლობა, ჯანმრთელობის მოშლა და კრიმინალის ზრდა. შედეგად, დამშეულ და ავადმყოფ ადამიანებთან ერთად, ნულოვანი ტოლერანტობის ‘კეთილშობილური’ ლოზუნგის სკანირების ფონზე კიდევ უფრო მოიმატებს პატიმრების რიცხვი - კრიმინალი ბევრისათვის ერთადერთ გზად დარჩება შვილებისათვის ყოველდღიური ლუკმა პურის მოსაპოვებლად. ეს არაა ფანტასტიკური ჟანრის ფილმის თხრობა. ესაა რეალური ისტორიები მექსიკიდან თუ ნიუ იორკიდან, დუბაიდან თუ ჩილედან - სადაც მსგავსი პროექტები ‘წარმატებით’ განხორციელდა. ბოლოს და ბოლოს, ამის მკაფიო ნიშნები ჩვენთანაც სახეზეა.

ამ პროცესის კიდე ერთი მხარე არის სრული არადემოკრატიულობა. ცივილიზებულ, ან ასეთზე თუნდაც პრეტენზიის მქონე ქვეყნებში ხალხს გადაწყვეტილების მიღებამდე ფორმალურად მაინც აცნობენ პროექტებს. ზოგგან, მაგ. შვეიცარიაში,  მცირე ქალაქშიც კი მდინარეზე ხიდს ვერ გადებ, თუ მანამდე საერთო-სახალხო რეფერენდუმი არ მოაწყვე. მაგრამ ცხადია, რომ თუ ჩემი ზემო მსჯელობა სწორია, არავითარი მოსახლეობასთან კონსულტაცია და აზრის შეტყობა არც უნდა ყოფილიყო. კატაკლიზმური პროექტები შოკურ მეთოდებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში - ხალხისთვის ასეთი გრანდიოზული პროექტის გადაწყვეტილების ‘შუბლში ჯახებას’. ამ შოკით გამოწვეულ ემოციურ ფონზე რაციონალური დისკუსია უკვე გამორიცხულია. ყველამ იცის, რომ ამას აზრიც არ აქვს.  აქ პროექტის დიზაინზე არ შევჩერდები, მაგრამ ცხადია - ფანტასმაგორიული, ყოველგვარ აუთენტურობას და სტილს მოკლებული, პლაგიატორული არქიტექტურული იმიჯები - სწორედ ამ შოკის ეფექტს ემსახურება და რა თქმა უნდა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც მსგავსი რეალიზებული პროექტები ლონდონიდან დაწყებული - დუბაიმდე - ჯერ ინტერნეტშიც კი არ უნახავს. ასევე არაფერს ვიტყვი ეკოლოგიურ ასპექტებზე.  ბუნებრივია: გადაწყვეტილების მიღებამდე დებატების, საზოგადოების და პირველ რიგში, პროფესიონალთა განსხვავებული აზრის შეტყობის აუცილებლობის აღიარებამ შეიძლება ბევრი რამ ცხადი გახადოს. ამიტომ ხელისუფლება ისე იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენი (!) ფულის, ჩვენი ყოველდღიური, ხშირად მძიმე შრომით მოპოვებული ფულის - მრავალი მილიარდის დახარჯვის შესახებ, რომ ხალხს არაფერს ეკითხება. ხალხს მხოლოდ უფლება აქვს უკვე მიღებული გადაწყვეტილებები გადაყლაპოს - ცხადია, კრიტიკული აზრის მოსმენის ყველანაირი იმედის გარეშე.  


დუბაი

ეჭვიც არ მეპარება, რომ მთავარი მიზანი  - მილიარდების კეთებაა. მაგრამ რაიმენაირი საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია ხომ მაინც საჭიროა. ჰოდა რაღაცეებს ბოდავენ. ეს ბოდვა რა თქმა უნდა, დემოკრატიული ხელისუფლების პოზიციასთან ახლოსაც ვერ მოვა, ეს შეუძლებელია სრულიად. ერთადერთი, სადამდეც შეიძლება ამ დემაგოგიამ გაქაჩოს, არის დაახლოებით სტალინის, ან რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდის ფილოსოფია: ‘მე ვაშენებ პეტერბურგს, იმიტომ რომ ქვეყანა - მე ვარ, ყველაზე უკეთ მე ვიცი და ა.შ’. მათთვის ქვეყანა - მხოლოდ სახელმწიფოა, სახელმწიფო კი - ძალაუფლება და  ხელისუფლებაა და არა ხალხი. ხალხი მხოლოდ მასალაა მათი პროექტებისათვის.

ხალხი რომ ადარდებდეთ, როგორ მოიქცეოდნენ? იმ უზარმაზარ ფულს, რაც ინვესტიციებთან ერთად, ბიუჯეტიდან უეჭველად დაიხარჯება - მიმართავდნენ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე დასაქმებისკენ. მცირე გადამამუშავებელი ქარხნების აშენებისკენ (საიდანაც ფულის ‘მოტეხვა’, პროცესის გამჭვირვალობის და ფასების საჯაროობის გამო თითქმის შეუძლებელია), ინდუსტრიის განვითარებისკენ, ბაზრების მოპოვებისკენ, ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, გადამზადებისკენ  - რომ ხალხს იქ ეგრძნო თავი კარგად, სადაც დაიბადა, გაიზარდა და სურს იცხოვროს, იმის კეთებით რაც თითონ სურს. ამისთვის ჩვენ ბიუჯეტს საკმარისზე მეტი ფული აქვს. დაახლ. 100 სოფლის მეურნეობის მცირე გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას დაახლ. 300 მილიონი სჭირდება. რამოდენიმე წლის მანძილზე გაწერის შემთხვევაშიც კი, ეს არც ისე დიდი თანხაა ბიუჯეტისთვის. ხოლო სასიკეთო შედეგი მალე იქნება ძალზე თვალსაჩინო. გარდა ბიუჯეტისა, მრავალი ასეთი და დამხმარე (მაგ. სასწავლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელი) პროექტისათვის საკმარისი ფულის შოვნა შეიძლება საერთაშორისო ფონდებიდან. მექსიკის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა კარგად არგუმენტირებული პროექტების წარდგენისას ასეულობით მილიონი დოლარი  მიიღეს  მსოფლიო ბაკისგან შიმშილობის და სიღატაკის დასაძლევად. რამოდენიმე წელში მაგ. ბრაზილიაში სიღატაკე 20 %-ით შემცირდა, ეს ლამის სასწაულებრივი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკი იმისთვისაა, რომ განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს, მაგრამ პროგრამებს ქვეყნების ხელისუფლებანი წარუდგენენ. რა თქმა უნდა მათ ამოწმებენ, მაგრამ იმ დონეზე, რომ სუვერენობის პრინციპი არ დაირღვეს. ქვეყნის (ხელისუფლების) გადაწყვეტილება უპირატესია.  ცხადია, ეს პროცესი და ინსტიტუციები უნაკლო არაა, მაგრამ კვლავ - ზოგიერთი ქვეყნის შედარებით პატიოსანმა ხელისუფლებამ შეძლო ამ ინსტრუმენტების ადამიანების სასიკეთოდ გამოყენება. რაში მოითხოვა ჩვენმა ქვეყანამ ფული და მიიღო კიდეც?  - კვლავ სატურისტო მშნებლობები, რესტავრაციები...

მძიმე შედეგების თავიდან აცილება უკვე შეუძლებელია. საზოგადოებრივ აქტიურობას დღეს მხოლოდ ისღა შეუძლია, კიდევ უფრო არ გაღრმავდეს კატასტროფული პროცესები. ამისათვის მათი აღკვეთაა საჭირო. კონკრეტულად და მხოლოდ ლაზიკასთან, როგორც პროექტთან დაპირისპირება, ჩემი აზრით, შედეგს არ მოიტანს. გზა მხოლოდ ორი არსებობს, და პირველ მათგანს თორიულიც კი არ ეთქმის: 1 - ხელისუფლების გამოსწორება, და 2 - ანტისახალხო ხელისუფლების შეცვლა - საზოგადოების ძალაუფლებით. 

ლგბტ და ყველაფერი სხვა



ლგბტ მოძრაობის ზოგიერთი აქტივისტი თუ გულშემატკივარი ჰომოფობიის უმთავრეს მიზეზად განათლებისა და კულტურის დაბალ დონეს ასახლებს. ამდენად, კითხვაზე – რა მიგაჩნიათ აქედან გამოსავლად? – მათი პასუხი: განათლების დონის ამაღლება – სრულიად ბუნებრივი ჩანს. მაგრამ საუბარი სრულ აბსურდად იქცევა, თუკი დისკუსიაში პოლიტიკური და სოციალური განზომილებების შეტანას ეცდებით. და რაც უფრო მეტს ისმენ მათ ‘არგუმენტებს’, მით უფრო მწიფდები  უპირობო დათანხმებისთვის – დიახ, გაუნათლებლობა და უკულტურობა მართლაც უმთავრესი პრობლემებია. მაგრამ: რის შესახებ გაუნათლებლობა? რომელი კულტურის უქონლობა? და რაც მთავარია: ვისი გაუნათლებლობა და უკულტურობა?

შევეცდები ამ კითხვების გარშემო ავაგო მსჯელობა, მაგრამ მანამდე ხაზს ვუსვამ: ჩემი კრიტიკა არ არის მიმართული ლგბტ მოძრაობის ყველა აქტივისტის თუ მხარდამჭერისადმი, და დასკვნებიც ყველა მათგანს არ ეხება, არამედ მხოლოდ მათ, ვინც თვლის, რომ: პრობლემა საგანამანათლებლო და კულტურულია, მაგრამ – არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური და სოციალური.

ბევრს არ ვილაპარაკებ იმის შესახებ, რომ განათლება შეუძლებელია (!) არ იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან, მეტიც – რომ განათლების სფერო – ცენტრალურია პოლიტიკურ პრობლემატიკაში, რომ საგამანათლებლო ინსტიტუციები ისე ეწყობა, როგორც ეს ძალაუფლების მპყრობელებს სურთ, და არა ისე, როგორც კარგია, რომ ვინც მართავს პოლიტიკურ პროცესებს – ის მართავს განათლების სფეროსაც, და პირიქით, რაც ნიშნავს, რომ ისეთი საგანმანათლებლო სიტუაცია გვაქვს, როგორიც ძალაუფლების მპყრობელებს სურთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განათლების სისტემა გვაქვს მხოლოდ მაშინ, როცა პროცესების მთავარი წარმმართველი – საზოგადოებაა, ხოლო როდესაც ესაა ერთი რომელიმე ჯგუფი ან კლასი – განათლების სისტემის ნაცვლად გვაქვს ინდოქტრინაციის მანქანა.  ასევე, არ მოვიყვან არგუმენტებს იმის შესახებ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯები გადაედგა (არსებითად, ცივილიზებულ საზოგადოებებში ამაზე მეტი დრო სამუშაოდ არც ერთ ხელისუფლებას არ ეძლევა). შორს ვარ იმ აზრისაგან, ვამტკიცო, რომ ამ დროში ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ორიენტირება, სათანადო მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა მაინც იყო შესაძლებელი, და რომ, სამწუხაროდ,  ნაბიჯები, რომლებიც მაინც გადაიდგა, საპირისპიროდ, რეგრესისკენაა მიმართული. ჩვენი დღევნდელი მსჯელობის საგანთან დაკავშირებული სიტუაციაც დიდწილად ამ გარემოებებითაა განპირობებული.
მაგრამ ვეცდები ამ პრობლემას სხვა, ჩემი აზრით, უფრო არსებითი კუთხით შევხედო.

რას შინაარსი აქვს მტკიცებას, რომ ჰომოფობიის პრობლემა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პრობლემაა?

ის, რომ ადამიანები, რომელთაც ჰომოფობებს უწოდებენ, სათანადოდ არ არიან ინფორმირებულნი ჰომოსექსუალობის შესახებ. და რომ საჭიროა ამ ცოდნის გავრცელება. იმის, რომ ჰომოსექსუალობა არაა ავადმყოფობა, რომ ეს არაა არჩევანი. იმის, რომ ტრადიციები და აღზრდა (უმეტესწილად) არაფერ შუაშია, და ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ ყველაზე მრისხანე მებრძოლის შვილი – შეიძლება თავად აღმოჩნდეს ჰომოსექსუალი (აღარაფერს ვამბობ იმ საკმაოდ ლოგიკურ და მწყობრ თეორიაზე, რომელიც ემპირიულადაცაა დადასტურებული, რომ ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ ბრძოლის ინტენსივობით შეგვიძლია ლათენტური ჰომოსექსუალობის შესახებ ვივარაუდოთ). დიახ, ამ ცოდნის გავრცელება შეიძლება, მაგრამ ისინი, ვინც მოცემულ მომენტში ნეგატიურად არიან განწყობლნი, რა თქმა უნდა a priori არ მიიღებენ ამ ცოდნას, ჩათვლიან მას მსოფლიო ჰომოსექსუალური შეთქმულების ნაწილად და შესაბამისადაც იმოქმედებენ. მით უმეტეს, ეს ცოდნა არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შეიკრიბონ ჰომოსექსუალები თავისუფლად საჯარო სივრცეში, რატომ უნდა ჰქონდეთ საკუთარი არხი ან გამოცემა და ა.შ. ეს არაა სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემატიკა. ეს სამოქალქო ცნობიერების საკითხებია. და აქ მივადექით მთავარ პრობლემას: პასუხი  კითხვაზე, რატომ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს (თუნდაც ისინი ავადმყოფნი იყვნენ) საჯაროდ მშვიდობიანი შეკრების, თვითგამოხატვის და ა.შ. უფლებები, არსებითად სამოქალქო განათლების და სამოქალაქო კულტურის სფეროს ეკუთვნის. ესაა, ალბათ, უმნიშვნელოვანესი პრობლემები პოლიტიკურ-სოციალური პრობლემატიკის მთელი სპექტრიდან.

იმისათვის, რომ ადამიანებს სამოქალაქო ცნობიერება და კულტურა განუვითარდეთ, საჭიროა, რომ ადამიანის უფლებებს გაეცნონ, მიიღონ, გაითავისონ, და შესაბამისი მექანიზმები შეიმუშავონ მათ განსახორციელებლად.  ეს უფლებები უნივერსალურია. არ არსებობს საკუთრივ და მხოლოდ ჰომოსექსუალთა უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ უფლებებს უნივერსალურ განზომილებას მოვაშორებთ, და კერძოობამდე დავიყვანთ, აბსურდულ სიტუაციას მივიღებთ. მაგ. პარტნიორის არჩევის უნივერსალური უფლების გვერდით ცალკე ადგილს დაიკავებს საკუთარი სქესის პარტნიორის არჩევის უფლება. ამ მიმართულებით თუ ვივლით, შესაძლოა მივიდეთ ‘იგივე სქესის მელოტი პარტნიორის არჩევის’ ან ‘იგივე სქესის იურისტი პარტნიორის არჩევის’ ან ‘იგივე სქესის დიდმკერდიანი პარტნიორის არჩევის’უფლებებთან. ადამიანის უფლებათა ლოგიკა უნივერსალიზაციისკენაა მიმართული, რათა, რასაკვირველია, შემდეგ ეს უნივერსალური კერძო - მელოტ, იურისტ ან დიდმკერდიან ადამიანებთან დაკავშირებულ სიტუაციებში იქნას გამოყენებული.  ის, ვინც იგნორირებს უნივერსალურ განზომილებას და მის მხოლოდ კერძო ასპექტზე აკეთებს აქცენტს, არ აღიარებს ან აცნობიერებს, ზოგჯერ - გამორიცხავს კიდეც უნივერსალურ განზომილებასთან კავშირის აუცილებას – ამ სფეროში პრინციპულად გაუნათლებლად, უკულტუროდ, ანტოისოციალურად და არაპოლიტიკურად იქცევა. მაგ. არსებობს ადამიანის უფლება, თავისუფლად დაუკავშირდეს სხვა ადამიანებს, რათა შეიკრიბონ რაიმე მიზნების განსახორციელებლად, თუკი ეს სხვათა უფლებებს უსამართლოდ არ ზღუდავს - შეკრების თავისუფლება. როგორი კონფიგურაციები და დაჯგუფებებიც არ უნდა გამოდინარეობდეს ამ უფლებიდან, არ არსებობს ჰომოსექსუალების, ქალების, ცხოველთა დამცველების, ქართველების, ჩინელების, მორწმუნეების, სპორტულ გულშემატკივართა და ა.შ შეკრების კერძო უფლებები. ეს უფლებები მხოლოდ იმდენად არსებობს, რამდენადაც შეკრების უნივერსალური უფლება არსებობს.

მაგრამ ეს ერთადერთი უფლება არაა. უფლებები ბევრია, და როგორიც არ უნდა იყოს მათი ინტერპრეტაცია, საბოლოო ჯამში ფუნდამენტურ უნივერსალურ უფლებებზე დაიყვანება, როგორიცაა მაგ. ყველა ადამიანის სიცოცხლის, შრომის, განათლების, ჯანდაცვის, წამებისაგან თავისუფლების ან სასამართლოს გარეშე დატუსაღებისაგან თავისუფლების უფლება და ა.შ.

თუ ადამიანს მისი უფლებების მხოლოდ ერთ ნაწილს შევასწავლით, სხვათა იგნორირების ხარჯზე, დაგვჭირდება კრიტერიუმი, რომლითაც რაღაც უფლებებს – დავბლოკავთ, რაღაც უფლებებს კი ვიქადაგებთ. ეს კრიტერიუმი, და მის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის იქნება პოლიტიკური, ან უპირველს ყოვლისა – პოლიტიკური, იგი არასდროს არ იქნება პოლიტიკურისაგან თავისუფალი. და რაც არსებითია, ეს იქნება რეგრესულად პოლიტიკური (აქ არ ვეხებით ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგ. ომის დროს, ზოგიერთი უფლების შეზღუდვის საკითხს, რადგან ეს არ ხელყოფს უფლებათა კორპუსის ურღვევობის პრინციპს, ვინაიდან, იდეაში, ყველას მიერ გონივრულობის საფუძველზე ასევე ერთობლივადაა გაზიარებული). რა მისცენ და რა არა ადამიანებს – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ადამიანის უფლებები, რომლებიც ესოდენ პოპულარულ თემად იქცა ბოლო ათწლეულებში, კაცობრიობის ხანგრძლივი გამოცდილებით, მათ შორის, დიდწილად, ქრისტიანობის ეთიკითაა ზურგგამაგრებული, და უნივერსალურად ითვლება ისინი, რომლებიც ყველას მიერაა გაზიარებული – ნებაყოფლობით თუ უხალისოდ, იმ პირობებში, როდესაც საპირისპირო აგუმენტები არ არსებობს, ანუ – როდესაც არავის შეუძლია დაასაბუთოს, რომ ზოგიერთ პირს ან ინსტიტუციას უნდა მივცეთ მაგ. ადამიანთა წამების უფლება – სხვა ადამიანთა სიკეთის სახელით. ბუშის ადმინისტრაცია, იმედია, ბოლო იყო ცივილიზებულ საზოგადოებათა ისტორიაში, რომელიც პატიმართა წამების პრაქტიკას მისდევდა და დასაბუთებასაც კი ცდილობდა (ცხადია მას შემდეგ, რაც სამუდამოდ მისაჩქმალად გათვალისწინებული ფაქტები გახმაურდა).  ისინი გუანტანამოს და აბუ-ღრეიბის ციხეებში ადამიანის წამების გამართლებას ცდილობდნენ იმით, რომ ან – ეს წამება საჭირო იყო სხვა ადამიანთა გადასარჩენად, ან – იმის მტკიცებით, რომ ადამიანისათვის მისი ნების წინააღმდეგ ქანცის გაწყვეტამდე აზიდვების იძულება დამამცირებელი მოპყრობისა და დაცინვის თანხლებით – სულაც არაა წამება, არამედ – უწყინარი ფიზიკური ვარჯიში.

ადამიანის უფლებები – უნივერსალურია, და ერთ მთლიანობას წარმოადგენს. ესაა პრინციპულად ურღვევი კორპუსი, და მისი არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, მათში შეიძლება შევიდეს შესწორებები, ან სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირდეს, ზოგჯერ სწორად ან არასწორადაც, შეცვლილ გარემოებებში დაემატოს ახალი, როგორც მაგ. გაერომ დაამატა  ამ ბოლო დროს ინტერნეტით სარებლობის უფლება ადამიანის უნივერსალურ უფლებათა სიას. მაგრამ როგორც არ უნდა მოდიფიცირდეს ეს უფლებები, რამდენი პუნქტიც არ უნდა იყოს ჩამონათვალში, მისი, როგორც კორპუსის ხასიათი უცვლელი რჩება – იგი მთლიანი და ურღვევია, და მხოლოდ მთლიანად განხორციელების შემთხვევაში გვაქვს დაცული უფლებები, მხოლოდ მისი მთლიანად აღიარების და პატივისცემის პირობებში გვქვს მაღალი სამოქალაქო განათლების და კულტურის დონე. ამ უფლებათაგან რომელიმეს იგნორირება არა მხოლოდ უკულტურობას და განათლებლობას ნიშნავს, არამედ – ძალიან მძიმე პრაქტიკულ შედებგებს შეიძლება მოასწავებდეს. მაგალითად, რას მივიღებდით, თუკი ადამიანის ფიზიკურ წამებას ავკრძალავდით, მაგრამ – ფსიქოლოგიურ წამებას დავტოვებდით, როგორც შედარებით უსაფრთხოს, ამიტომ ზოგჯერ დასაშვებს? რას მივიღებდით, თუკი ღირსეული ანაზღაურების უფლებას დავტოვებდით, მაგრამ სიცოცხლის უფლებისათვის გამონაკლისებს დავუშვებდით? ან, თუკი თვისუფალი შეკრების უფლებას დავტოვებდით, მაგრამ სიიდან ამოვიღებდით სიცოცხლისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უფლებას? ადამიანებს ექნებოდათ უფლება თავისუფლად შეკრებილიყვნენ, მაგრამ არ ექნებოდათ ჯანმრთელობა საიმისოდ, რომ როგორმე შეკრების ადგილამდე მიეღწიათ. ამდენად, საფრთხის ქვეშ დადგებოდა არა რომელიმე კერძო პუნქტი, არამედ მთლიანად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა იდეა, ვინაიდან ამ იდეის დანიშნულებაა – ყოველმხრივ მოემსახუროს უმთავრეს მიზანს – თავისუფალ და თანასწორ ინდივიდთა საზოგადოების, როგორც თითოეული ადამიანის თვითრეალიზაცისათვის საჭირო სივრცის შექმნას.

არა მგონია დიდი საიდუმლო გავამჟღავნო, თუ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში, ყველა სფეროში ადამიანთა უფლებები ფეხქვეშაა გათელილი. ყველა თქვენგანს შეუძლია გაიხსენოს შემთხვევა, როდესაც ავადმყოფს საავადმყოფოში ხელი არ მოჰკიდეს იმის გამო, რომ ფული არ ჰქონდა (მე შორს ვარ იმისაგან, რომ ამ სიტუაციაში დავადანაშაულო უპირატესად ექიმები (თუმცა ზოგჯერ უსამართლო კანონთა დავიწყება და ჰიპოკრატეს ფიცის გახსნება ერთადერთი სწორი საქციელია) და არა სისტემა, რომელიც მათ ასეთ ქცევას აიძულებს), ყველას გვახსოვს შემთხვევები, როდესაც სამუშაო ადგილზე ადამიანური ჰიგიენური პირობების მოთხოვნით გამოსული მეტალურგები დააპატიმრეს და სამსახურიდან გაუშვეს, როდესაც ადამიანები ეკონომიკური დევნის მსხვერპლნი ხდებიან, კარგავენ რა სამსახურს ოჯახის წევრის ოპოზიციონერობის გამო, როდესაც ადამიანები საეჭვო გარემოებებში იღუპებიან ციხეებში და საზოგადოებას არ შეუძლია დამაჯრებელი ინფორმაციის მოპოვება, ყველამ იცის, რომ შრომის კოდექსი ჩვენში – მონობის ლეგალიზაციაა, ყველამ იცის როგორაა დაცული ქალთა უფლებები არა მხოლოდ ამ კოდექსით, ყველამ იცის, რომ საკვების ხარისხის კონტროლის არარსებობის პირობებში მოსახლეობის უმრავლესობა არსებითად ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტებით იკვებება, რომ ჰაერი, რომელსაც ვსაუნთქავთ, მომწამვლელია და ა.შ. ამ პრობლემათაგან ზოგიერთი სხვებზე უფრო მწვავეა, მაგრამ ვერავინ დაასახელებს ადამიანის უფლებათა რომელიმე სფეროს, სადაც ზოგადად მძიმე ვითარება არაა.

და ამ ვითარებაში ჩემი სათქმელი მარტივია: არ შეიძლება ერთი რომელიმე უფლების პროპაგანდა  - სხვათა იგნორირების ხარჯზე! რასაკვირველია, როდესაც მაგ, ქუთაისელ მეტალურგთადმი ხელისუფლების არაადამიანურ მოპყრობას ვაპროტესტებთ (სად არიან ამ დროს იდენტობის ჯგუფები?!), მხედველობაში უპირატესად გაფიცვის უფლება გვაქვს, მაგრამ ამავე დროს მას უფრო ფართო უფლებათა კონტექსტში, ადამიანის უფლებათა იდეასთან შესაბამისობით ვზომავთ. კონკრეტულ შემთხვევებში ინდივიდებისთვის ან კონკრეტული ინსტიტუციებისთვის შეიძლება ბრძოლის საგანი გახდეს კონკრეტული უფლება, მეტიც, ერთი კონკრეტული უფლება შეიძლება რომელიმე ორგანიზაციის ხანგრძლივი და  სეპციფიკური ბრძოლისა და შრომის საგანი იყოს, მაგრამ არ შეიძლება მთლიანად საზოგადოება კულტურულად და განათლებულად ჩაითვალოს, თუკი იგი იღებს ერთს, და არ ზრუნავს სხვა ფუნდამნეტურ უფლებათა რეალიზაციაზე. ამდენად, განათლების და კულტურის პრობლემის არსი ამ შემთხვევაში შემდეგია: საჭიროა ადამიანის უფლებათა რეალიზაციის საზოგადოების შექმნა. ეს კი ნიშნავს – ინტერესთა მიხედვით ფრაგმენტაციაზე, სეპარატიზმზე და პარტიკულარულობაზე უარის თქმას, და საკუთარი კერძოს – უნივერსალურთან დაკავშირებას. ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც უპირატესად ამა თუ იმ უფლებაზე კონცენტრირდებიან, მაგრამ, რომ ამავე დროს, არც ერთი უფლება არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, და რომ კერძო უფლებათათვის მებრძოლებმა – უნდა შეძლონ სხვა უფლებებთან მებრძოლებთან კოორდინირება სწორედ ადამიანის თავისუფლების მთლიანობისა და განუყოფლობის იდეის ეგიდით.



ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სოლიდარობა და თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, მუდმივი დიალოგი, კონსენსუსისა და კომპრომისების ძიება, მექანიზმებისა და ინსტიტუციების შექმნა – მუდმივი შრომა. ჩემი აზრით, ესაა პროექტი, რომელიც როგორც ხელისუფლების, ასევე ფსევდოოპოზიციის – არსებითად, კვლავ ხელისუფლების მისწრაფებებს უნდა დაუპირისირდეს. ის ვინც მხოლოდ ერთ რომელიმე ასპექტს დაისახავს მიზნად, და სხვებს უარყოფს, არ უნდა მოელოდეს, რომ საბოლოოდ გაგებით შეხვედებიან. მას, ვინც სამოქალაქო ცნობიერების ამ დონეზე, უფლებათა უნივერსალობის დონეზე არ დგას, და მხოლოდ თავისი ვიწრო უფლებებისთვის იბრძვის, არ უნდა გაუკვირდეს, თუკი ‘გრანტიჭამიას’ ან რაიმე სხვას დაუძახებენ. სრულიად ბუნებრივი იქნება, თუკი მაგ. ლგბტ-ს შეკრების ან გამოხატვის უფლებისათვის ბრძოლას სხვა უფლებებთან მისი დაკავშირების გარეშე, მათი მხრიდან სხვა უფლებებისადმი ქმედითი სოლიდარობის გარეშე, აღიქვამენ როგორც ჰომოსექსუალობის პროპაგანდას, და ამაში დანამშავე, ‘ჰომოფობებთან’ ერთად, თავად ლგბტ საზოგადოება იქნება. მათ, ვისაც ჰომოფობებს უწოდებენ, ასევე აქვთ პრობლემები. მათი უფლებები – თუმცა სხვა – ასევე ირღვევა. მათი სოციალური უუფლებობა და უფუნქციობა, მატერიალური გაჭირვება და თუნდაც განათლების ხელმიუწვდომლობა, რეალიზაციის პირობების არარსებობა უმთავრესი მიზეზებია რაც მათ სტერეოტიპებს, ყალბ იდეოელოგიას და მსგავსებთან გაერთიანების და ‘მტრებთან ერთობლივი ბრძოლის’ სურვილს  განაპირობებს. პოლიტიკური და რელიგიური ელიტები, ვისაც ძალაუფლება აქვთ, მშვენივრად სარგებლობენ ამ სიტუაციით. არაფერი არ შეუწყობს ხელს ისე ჰომოფობიის დამარცხებას, როგორც ამ ფართო კონტექსტში განხორციელებული კონკრეტული სოლიდარობის აქტები, როდესაც განსხვავებული ინტერესების ადამიანები – სხვების უფლებებისთვისაც გულწრფელად იბრძოლებენ და შედეგებსაც მიაღწევენ.

და ეს – პოლიტიკური პროექტია. ეს ნიშნავს – ადამიანთა სამოქალაქო კულტურისა და განათლების დონის ამაღლებას უფლებათა და მოვალეობათა სრულფასოვანი ველის ფორმირების გზით. ველის, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ დეკლარაციებს, არამედ – მათი განხორციელებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს, მექანიზმებს და ინსტიტუციებსაც. ეს ნიშნავს ბრძოლას შრომის ღირსეული ანაზღაურებისათვის, ჯანსაღი საკვებისათვის, ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი/არასაზიანო სამუშაო პირობებისათვის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისათვის, ინტერნეტის ქონის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლებისათვის, დასაქმების უფლებებისათვის და ა.შ.

ეს ყველაფერი აწყობს და სჭირდება საზოგადოებას. და მაშინ, როდესაც საზოგადოება და ხელისუფლება – ერთი და იგივე არაა, როცა ძალაუფლებას ფლობს არა საზოგადოება, ხალხი – არამედ კერძო ჯგუფები, კლანი ან კლასი – ადამიანების უფლებებისათვის ბრძოლა – იქცევა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად. ამიტომ, ადამიანის უფლებებისათვის სრულფასოვანი და მასშტაბური ბრძოლა – ყოველთვის გაბატონებული კლასის წინააღმდეგ ბრძოლაა – მანამ, სანამ ერთადერთი გაბატონებული კლასი – ადამიანთა კლასი არ გახდება. ხელისუფლების, რომელიც უფლებათა ფართო სპექტრიდან პრივილეგიებს ანიჭებს ნაწილს – ვაჭრობის და კერძო საკუთრების უფლებას (და ისიც მხოლოდ დეკლარირებულად, მხოლოდ მაშინ როცა თავად ვაჭრობენ ან ფლობენ, თორემ კარგად გვახსოვს, როგორ ექცევიან სხვათა კერძო საკუთრებას, როცა მათ უბრალოდ თავიანთთვის მოსწონთ იგი) და იგნორირებს სხვებს, მაგ. დასაქმების, ჯანდაცვის, ხელისაწვდომი განათლების და ა.შ. უფლებებს. და ეს ფასეულობები უნდა ამოძრავებდეს ჩვენ აზროვნებას და ქცევას მიუხედავად იმისა, მხოლოდ რეგულატიურია ეს იდეალი, თუ მისი ადრე თუ გვიან საბოლოო განხორციელების გულწრფელად გვჯერა.

მაგრამ ეს არაა ბრძოლა ნეგატიური მოტივაციით. დღეს საქართველოში ასეთი განათლებული და კულტურული საზოგადოებისთვის ბრძოლა - არსებული ძალაუფლების წინააღმდეგ პოზიტიური ბრძოლა  ––  მიმართული უნდა იყოს არა ვინმეს განადგურების, ან სახელებისა და გვარების შეცვლის, არამედ – თავისუფალ და თანასწორ ადამიანთა საზოგადოების შესაქმნელად. ესაა ახალი, უფრო ფართო, ეგალიტარული და ემანსიპატორული პოლიტიკური ლოგიკის შექმნისათვის ბრძოლა. პროგრესული ბრძოლა პოზიტიური ალტერნატივისათვის. და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ვინც პოლიტიკას და სოციალურს გამორიცხავს ბრძოლის აუცილებელი განზომილებებიდან,  ჩემი აზრით, გაუნათლებელი და უკულტუროა, და არცთუ მყარი საფუძველი აქვს საიმისოდ, სხვას უწოდოს უვიცი და ბნელი. მეტიც - პრაქტიკული შედეგებიდან გამომდინარე, პროგრესული პროცესების ბლოკირებით, მათი - სუროგატული ‘ჰეროიზმით’ და რომანტიკით ჩანაცვლებით, აპოლიტიკურობის პროპაგანდით, პოლიტიკისადმი ცინიზმის კულტივირებით - ეს უკულტურობა გაცილებით უარესია,  ვიდრე ის, რომელსაც იგი ‘ებრძვის’. ამიტომ, ბრძოლა განათლებისა და კულტურისათვის – საკუთარ გაუნათლებლობასთან,  ‘აზროვნების’ მიუტევებელ სიმარტივესთან ბრძოლით იწყება. სწორედ ესაა ბრძოლა  სიბნელის, უმეცრებისა და უუფლებობის ძალაუფლების წინააღმდეგ, და სწორედ ესაა სიტყვა პოლიტიკის რეალური მნიშვნელობა.