ხუთოსანი მიშიკოდან – ოროსან პრეზიდენტობამდე



‘სწავლის გადასახადის გაუქმებას ოროსნები ითხოვენ’ – განაცხადა დღეს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ძალზე საგულისხმოდ ამოიჩემა საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებისა და ახალგაზრდების ლანძღვა. ‘ხულიგანი’, ‘ოროსანი’...

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ პატარა მიშიკო – ხუთოსანი და დამჯერე ყმაწვილი იყო. ნუთუ ეს ამოჩემება მხოლოდ PR ტექნოლოგიის ნაწილია,  და ამ გარემოების დაუსრულებელ  ნეგატიურ ხაზგასმას ისახავს მიზნად?  - რაკიღა სხვებს ოროსნობის გამო აგინებ, თავად ხუთოსანი გამოდიხარ – ნუთუ ეს პრიმიტიული ლოგიკა მისი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება?

ჰო, მაგრამ რაში უნდა სჭირდებოდეს ზრდასრულ, მოწიფულ, უბრალოდ თავმოყვარე ადამიანს, ძალაუფლების მპყრობელს – ბავშვების გინება? ჩემი აზრით, პოლიტიკური მიზნაშეწონილობის საკითხი უნდა გამოვრიცხოთ. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს.

როგორ ჩანს, საქმე მტკივნეულ კომპლექსებთან გვაქვს. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ზოგადად ხუთოსან ბავშვებს დანარჩენები ხშირად არ სწყალობენ ხოლმე. ‘შენ კიდე ოროსანი ხარ’  - როგორც წესი, რეაქციაა შეძახილზე ‘დედიკოს ბიჭ’.

და როცა ‘დედიკოს ბიჭი’ ბოლოს და ბოლოს, ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, ადამიანის ფსიქიკის თავისებურებათა წყალობით (რომლის მიხედვითაც სიმწიფე სულაც არაა პირდაპირ დამოკიდებული ასაკზე), დაგროვილი ბოღმის გამოთავისუფლებით ‘თქვე ოროსნებო’ შეიძლება ახალგაზრდობის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკად იქცეს.

მაგრამ... ეს მხოლოდ ვარაუდებია.

მოდით, უბრალოდ ფაქტები ჩამოვთვალოთ:

1.  ქვეყნები, სადაც განათლება უფასოა (Free education) - მათი მხოლოდ მცირე ნაწილი:

დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ბელგია,  საბერძნეთი, გერმანია, იაპონია, ხორვატია, ნორვეგია, შოტლანდია, შვედეთი...

2.  ნიშნავს თუ არა ეს განათლების დაბალ ხარისხს? არავითარ შემთხვევაში. პირიქით: განათლების ინდექსის მიხედვით ყველაზე მაღალი კატეგორიის ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, ევროპის განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების უმრავლესობაში – განათლება უფასოა! ეს ქვეყნები ასევე ლიდერობენ ადამიანის სიცოცხლის ხარისხის და კეთილდღეობის სხვა მაჩვენებლებით. ჩვენებურ ნეოლიბერალთა საყვარელი ამერიკული განათლების სისტემა, რომლის რეფორმირებასაც გულმოდგინედ ცდილობს ეხლანდელი ადმინისტრაცია, ამ სიაში მხოლოდ მეოცე ადგილზეა.

3.  საქართველოში განათლების გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში  (საშუალო ხელფასთან შედარებით). მაგალითად, საფრანგეთში, სადაც სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, სტუდენტები მაინც იხდიან მცირე გადასახადს, რაც საბოლოო ჯამში, ისევ მათ ხმარდებათ სამგზავრო თუ კვების ტალონების, ტექნიკური მოსახურების და ა.შ. სახით. ეს გადასახადი საშუალოდ არის 150 ევრო. ესაა საფრანგეთში საშუალო თვიური შემოსავლის დაახლოებით მეოცედი (!). საქართველოში სწავლის გადასახადი 2500 ლარი, საშუალო თვიურ ხელფასზე 4-ჯერ მეტია (!). ეს ნიშნავს: თუ საშუალო ფრანგმა თავისი შვილის სწავლის გადასახადისთვის დღენახევარი უნდა იმუშაოს, ქართველს იგივესათვის 120 დღე შრომა მოუწევს (!).

4.  საქართველოში სწავლის ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ შედის მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტის რიცხვში. ხოლო საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყანათაგან, რომლებიც საერთოდ არ არიან მოხესნიებულნი განათლების ინდექსის ჩამონათვალში – ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის გამო. თუმცა, შეგიძლიათ ამის შესახებ იმათ გაესაუბროთ, ვისაც აქ მიღებული ცოდნით განვითარებულ სამყაროში თავის გატანა მოუხდა – ყველა თქვენგანს ეყოლება ერთი ასეთი ახლობელი მაინც.

5.  საერთაშორისო ვალდებულებები: საქართველოს ხელი აქვს მოწერილი (და რატიფიცირებული აქვს) გაეროს გენერალური ასამბლეის  რეზოლუციით მიღებულ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტზე, რომლის თანახმად:

 '(2, C). უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა შესაფერისი საშუალებით და კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობით შემოღების გზით;'

6.  ოროსნები: პირველი სტუდენტური ჯგუფი, ვინც საქართველოში სწავლის გადასახადის ეტაპობრივი შემცირების საკითხი დააყენა საზოგადოებრვ დღის წესრიგში, იყო ლაბორატორია 1918. ყველა თქვენგანს შეუძლია მარტივად დარწმუნდეს, რომ ამ მოძრაობის წევრების უმრავლესობა – საუკეთესონი არიან თავიანთი აკადემიური მოსწრებით და განათლების დონით.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობას, მითუმეტეს, გინებას აპირებს, ეს ფაქტები უნდა იცოდეს. კაცმა რომ თქვას, ეს ფაქტები ყველა შემთხვევაში უნდა იცოდეს – თუნდაც გინებას საერთოდ არ აპირებდეს.

მაგრამ არ იცის.

მისივე ლექსიკით რომ ვიხელმძღვანელოთ – ოროსანია.

ყოველ შემთხვევაში ამ საგანში.

ან იქნებ სხვა საგნებზეც შეგვიძლია რამე ვთქვათ?

გეოგრაფია – რომელი ქვეყნის შემადგენლობაშია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? რაო? ეხლა დაჯექი მიშიკო, და ხვალ მშობელს მოიყვან.

ქიმია: აბა, ბავშვებო, ვინ მეტყვის რა არის კარბონ დიოქსიდის ქიმიური ფორმულა? ზურიკოს სად აორთქლდა? მიშიკო, რატომ გალურჯდი? ვაიმე, შავდება...… ვანო, წყალი, წყალი მიაწოდე...

ქართული ლიტერატურა: კარგით რა ყმაწვილო, შეიძლება სულ კაკალაშვილით ცდილობდეთ ფონს გასვლას?

ისტორია: ვინ არიან ჩვენი ქვეყნის ყველაზე სახელოვანი მმართველები. დავით აღმაშენებელი... კარგია, გააგრძელეთ. მიდით გეთაყვა... რატომ წამოჭარხლდით? ვაიმე, როგორ სუნთქვთ, კარგად ხართ? ექიმი...

ექიმი...

მაგრამ საზოგადოების ცხოვრებაში დიაგნოზის დასმის უფლება მხოლოდ თავად საზოგადოებას აქვს. ეყოფა კი მას სწორი დიაგნოზის დასმის, და სათანადო მკურნალობის დანიშვნის გამბედაობა?

1 comment:

  1. darine metreveli5/06/2012

    მშვენიერი დაკვირვებაა ჩატარებული. მეჩვენს პრეზიდენტზე ვერ ვბრაზდები,მე ის სერიოზულად მებრალება. ცოდოა, სამკურნალოა, საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს.

    ReplyDelete