ფარისევლობა, როგორც 'საზოგადოებრივი პოზიცია'



ქვეყნის პრეზიდენტი ვალდებულია ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს ამაღლდეს ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებზე, უარი თქვას წვრილმან ბოღმასა და ცრუპენტელობაზე, ცილისწამებაზე ოპონენტების მიმართ, საკუთარი განდიდების მიზნით – სხვათა დამცირებაზე, და რაც არ უნდა აღიზიანებდეს განსხვავებული აზრი – საჯარო სივრცეში მოთოკოს ვნებები, შეასრულოს ქვეყნის ყველა მოქალაქის თავისუფლებისა და თვითგამოხატვის, საზოგადოებრივი ერთიანობის გარანტორის ფუნქცია.

პრეზიდენტის საჯარო გამონათქვამები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს სახელმწიფოს სიმბოლოდ მიიჩნევს, მას ამ ფუნქციის შესრულება არ შეუძლია.

განსხვავებულად მოაზროვნეთადმი განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის სიმდაბლეზე მიუთითებს, არამედ წაახალისებს ძალაუფლების მფლობელი ინსტიტუტების მიერ ოპონენტთა ფიზიკურ ანგარიშწორებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დევნას, ახშობს და ავიწროებს თავისუფლების სივრცეს და მას (თავისუფლებას) – მხოლოდ ელიტების განუკითხაობის პრივილეგიად აქცევს.

მისგან განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეების, სასწავლო სისტემის რეფორმის მოსურნე სტუდენტების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებისადმი ‘ჩარეცხილებად’, ‘ოროსნებად’, ‘იდიოტებად’ მოხსენიება საჯარო, ხშირად მრავალათასიან შეხვედრებზე არის შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის – ‘უცხოსადმი’ ზიზღის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მაგალითები. არანაირი ‘პერსონალური’ მომენტებით, კოლექტიური სტერეოტიპების სპონტანური გამოხატვით და ა.შ. ამ შეუწყნარებლობის გამართლება არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც არც ერთხელ (!) პრეზიდენტს თუნდაც ამ ‘წამიერი სისუსტის’ გამო ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე.

ვფიქრობ, უფლება მაქვს ადამიანები, ვინც ბევრს წერენ ან 'იბრძვიან' ჩვენში ტოლერანტობის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის გამოვლინებათა წინააღმდეგ, საკუთარ თავს ‘დარგის ექსპერტებად’ წარმოგვიდგენენ, მაგრამ საჯაროდ  არ აკრიტიკებენ პრეზიდენტს სწორედ შეუწყნარებლობის ატმოსფეროს ფორმირებაში შეტანილი დიდი, შესაძლოა, საკვანძო წვლილისათვის – ყველაზე უკეთეს შემთხვევაში – ფარისევლებად მივიჩნიო. მაგრამ,  თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრივი ქცევის წონას და ფასს, იმას, რომ უსამართლობაზე თვალის დახუჭვით ჩვენ არა უბრალოდ ‘არაფერს ვაკეთებთ’, არამედ, რომ ეს ‘ქცევაა’, რომლითაც ხელს ვუწყობთ უსამართლობის დამკვიდრებას და შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვიღებთ მის შედეგებზე – ჩემი აზრით, ‘სიტყვა ‘ფარისეველი’ მათ მიმართ რევერანსადაც კი წარმოგვიდგება. 

აღსდგება თუ არა კონსტიტუციური წესრიგი?


2008 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ ‘კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად’ ცხინვალის მასირებული დაბომბვა წამოიწყო.  ეს იყო ამ ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულებრივი შეცდომა. ეს დანაშაულია ალბათ ის ერთ–ერთი უმთავრესი, რითაც პირველ რიგში შევა ისტორიაში მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ეპოქა.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არასდროს ჰქონია. ჩვენსავე განვითარების ინტერესებს რომ თავი გავანებოთ, ამას ითხოვდა და ითხოვს დასავლეთიც. ითხოვდა ომამდეც – თუმცა ამას ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უმალავდნენ და უმალავენ მოსახლეობას. ნატოში გაწევრიანების მთავარ წინაპირობად ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ლიდერები ყოველთვის სწორედ კონფლიქტებისა და რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიან მოგვარებას აყენებდენ. ამ პირობებში პოლიტიკური სიბეცით, არაკომპეტენტურობით და უმწიფარობით გამოწვეული ავანტიურა, პუტინის რეჟიმის ინტერესებზე მუშაობა და ცხინვალზე ფართომასშტბიანი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა იყო უმძიმესი დარტყმა ქვეყნის პერსპექტივისთვის, დასავლური ორიენტაციის უარყოფა, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის საფუძვლების მოშლა, კონფლიქტის მოგვარების გაურკვეველი დროით გადავადება.

ის, რაც სამხრეთ ოსეთში ‘კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის’ ნაცვლად უნდა გაკეთებულიყო, იყო და არის:

კონსტიტუციური წესრიგის დამყარება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებდა და აკონტროლებს.

როგორიც არ უნდა იყოს ქვეყანა რეალურად დღეს, ის უნდა ისწრაფოდეს იყოს ისეთი, როგორიც კონსტიტუციით დაადგინა ხალხმა. კონსტიტუციურად საქართველო – დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოა. და არა ბაზარი, არა ჯუნგლები, რომლად გადაქცევასაც ცდილობს ხელისუფლება ბოლო 9 წლის მანძილზე.


მხოლოდ ამ – საზოგადოების მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული წესრიგის დამყარებას – ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას და გაღრმავებას, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობას, ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, ჯანდაცვის, განათლების სისტემების ხელმისაწვდომობას, განვითარებულ ეკონომიკას, თავისუფალ სასამართლოს, სრულფასოვან კულტურულ პროცესებს, რაც მთავარია – ჩვენი განვითარების უმთავრეს პირობად – მშვიდობის აღიარებას შეუძლია უზრუნველყოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანთა სიცოცხლის ხარისხის ზრდა, არამედ: მოხსნას შიშისა და გაუცხოების, უნდობლობის ფაქტორები ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობისას, შექმნას საფუძვლები ადამიანთა შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული სავაჭრო–ეკონომიკური, შემოქმედებითი, სახალხო დიპლომატიური ურთიერთობებისათვის, და შეამზადოს ნიადაგი ეროვნული ერთობის აღსადგენად.

გრძელია თუ მოკლე ეს გზა, რთულია თუ მარტივი – ეს არის ერთადერთი გზა.

ბოლო დღეებში გააქტიურებული სახელისუფლებო ისტერიკა, ხმამაღალი ყვირილი, რომლითაც ძალაუფლების მპყრობელნი საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას ცდილობენ, ირაციონალური განწყობებისა და ფსიქოლოგიური ტერორის დამკვიდრება იმით, რომ ყველა განსხვავებული აზრი – სამშობლოს ღალატად გამოცხადდეს –  კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და გასაგებად ცხადყოფს ყველასათვის, ვისთვისაც არსებობს უფრო მაღალი მიზნები, ვიდრე ძალაუფლების და პრივილეგიების შენარჩუნებაა:

არსებულ რეჟიმს არ სურს და არ შეუძლია ქვეყნის კეთილდღეობის, განვითარებისა და მთლიანობის ინტერესების შესაბამისად მოქმედება. დღეს საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების სათვეში იმყოფება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სრულიად შეუსაბამოა იმასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუცია – საზოგადოების შეთანხმება თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. 

ქსენოფობია – მიშიზმია


ვინც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჰომოფობიასა და ქსენოფობიაზე, ადამიანის ღირსების დამამცირებელ ქცევაზე ლაპარაკობს – არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში ეს ყველაფერი, ასევე ქცევისა და მეტყველების  უხამსი, მდარე და უგემოვნო სტილი დაამკვიდა მიხეილ სააკაშვილმა.

ქსენოფობების და ა.შ. ნაკლებობა პოსტსაბჭოთა სივრცეში არასდროს ყოფილა, მაგრამ გამსახურდიას დროს ეს არ გამხდარა ჩვენი ‘მიჩვეული’ ყოველდღიურობა, შევარდნაძეს კი ასეთი სიმდაბლე არასდროს უკადრია.


სწორედ პრეზიდენტის – ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირის მიერ: 

ასლან აბაშიძის ‘ასლან იბრაგიმის ძე აბაშიზედ’ მოხსენიებით – დამცირების მიზნით, რათა მისი არაქართული ან არამართმადიდებლური წარმომავლობისთვის გაესვა ხაზი და ანტითურქული განწყობები გაეღვივებინა, 

ტელეეთერით ირინა სარიშვილისთვის ‘კახპას’ წოდებით, 

‘ზანგების’ დამამცირებელ  ეპითეტებად მოხსენიებით, 

ყველანაირი, მათ შორის, ზრდილობის პრეზუმფცის დარღვევით არასრულწლოვანი ბავშვისთვის ‘ხულიგნის’ წოდებით და დამცირებით, 

მისდამი ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტებისათვის ‘ოროსნების’ ძახილით, 

‘ჩარეცხილებით’ და ა.შ. – იქცა ქსენოფობია და პოლიტიკური კულტურის სიმდაბლე საზოგადოებრივ პრობლემად.

აღარაფერს ვამბობ მანტრასავით ამაყად სამეორებელ ანტირუსულ გამოთქმებზე, მისი მინისტრების და სხვა ხელისუფალთა სხვა 'მარგალიტებზე', რომლებიც ყველას გვახსოვს , მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რაღაც მანქანებით საერთოდ გაქრა youtube-დან

სწორედ ამიტომ მიმაჩნია ჰომოფობია და ქსენოფობია – ‘მიშიზმის’ ნაირსახეობად. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ როცა ვინმე სხვას რელიგიური, ორიენტაციის, ეთნიკური ან სხვა რამ ნიშნით შეურაცხყოფს – ამ ხელისუფლებას, მის ლოგიკას ემსახურება. და იმედი მაქვს რომ მალე საზოგადოება, და ახალი ხელისუფლება მათ შორის, გათავისუფლდება მიშიზმის ამ ფორმისაგან