სტიპენდიების შესახებ

ეს ტექსტი ოთხი წლის წინ, ჩემი რექტორის მრჩევლად მუშაობისას სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოსადმი მიმართვას წარმოადგენს, და აკადემიაში სტიპენდიების გაცემის წესის შეცვლის შესახებაა. ამავე დროს, ამ იდეის განხორციელება შესაძლოა გამხდარიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტუდენტური მონაწილეობის მნიშვნელოვანი პრეცედენტი.

რა თქმა უნდა, სერიოზული განხილვის საგნადაც არ გამხდარა – საბჭოზე წაიკითხეს, თქვეს, რომ რაინდული (!) წინადადებაა, მაგრამ... მხარი არ დაუჭირეს, და არც ჩემი არგუმენტების მოსმენით შეუწუხებიათ თავი.

ეს ტექსტი გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა (გაცილებით სერიოზული მიზეზებიც იყო), მაგრამ ერთ–ერთი ფაქტორი კი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს, მსგავსი იდეებისათვის ‘ბოლშევიზმისა’ და ‘რექტორთან კონცეპტუალური შეუთავსებლობის’ ბრალდებით სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. იმიტომ ვაქვეყნებ, რომ ეს იდეა დღესაც, უფრო სწორად – ხვალ ასაშენებელი განათლების სისტემისთვისაც აქტუალური მგონია.



მიმართვა სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს


ამ მიმართვის მიზანია შემოგთავაზოთ სასწავლო (სტუდენტური) სტიპენდიების განაწილების სოციალურად სამართლიანი პრინციპის შესახებ მოსაზრების განხილვა.

მოგეხსენებათ, ტრადიციულად სტუდენტური სტიპენდიების გაცემის საფუძველს წარმოადგენს სწავლის ხარისხის შეფასება – სტიპენდიას სტუდენტები აკადემიური მოსწრების მიხედვით იღებენ, ან არ იღებენ.

გარდა აკადემიის მიერ დაწესებულისა, დღეისათვის არსებობს პრეზიდენტის სტიპენდიაც, რომელიც განსაკუთრებით წარჩინებულ სტუდენტებს ენიჭებათ. მაღალი აკადემიური მოსწრების ამგვარი წახალისება უდავოდ მნიშვნელოვანი სტიმულია ყველასათვის და საბოლოო შედეგის თვალსარისით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლის ზოგად ხარისხზე.

სამომავლოდ ასევე შესაძლებელია მრავალ ქვეყანაში არსებული პრაქტიკის წარმოდგენაც, როდესაც სტიპენდიებს საკუთარი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ჯგუფები თუ ადამიანებიც აწესებენ – კერძო პირები (მაგ. ბიზნესმენები, ფილანტროპები), კორპორაციები, ფონდები, პროფესიული კავშირები და ა.შ.

ყველა ამ შემთხვევაში სტიპენდიების გაცემას სტუდენტთა აკადემიური მოსწრება უდევს საფუძვლად.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტიპენდიაზე წარსადგენ სტუდენტებს თავად სასწავლებელი გამოავლენს. რამდენადაც აკადემია სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სწავლის ხარისხის შეფასების მისი კრიტერიუმები არ შეიძლება განსხვავდებოდეს განათლების სახელმწიფო პოლიტიკის კრიტერიუმებისაგან.

ცხადია, მაღალი აკადემიური მოსწრების ჩვენებას სტუდენტის მხრიდან დიდი შრომა ესაჭიროება, რაც თავის მხრივ, სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას მოითხოვს. თავად მაღალი აკადემიური მოსწრების ფაქტი ცხადყოფს, რომ ის სტუდენტები, ვინც კარგად სწავლობენ, მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი არიან ამგვარი პირობების აუცილებელი მინიმუმით.

მაგრამ ყველა ჩვენგანისათვის ასევე ნაცნობი ემპირიული გამოცდილების თანახმად, არიან სტუდენტები, რომლებიც მაღალ აკადემიურ მოსწრებას მხოლოდ იმის გამო ვერ აღწევენ, რომ სათანადო სასწავლო თუ ყოფითი პირობები არ გააჩნიათ. ცხადია, რომ ნიჭის, უნარებისა და მონდომების თანაბრობის პირობებში ის სტუდენტი აჩვენებს უკეთეს შედეგს, რომელსაც მეტი თავისუფალი დრო, მატერიალური სახსარი, სამუშაო გარემო აქვს თვითგანვითარებისათვის, ხოლო ის, ვისაც საყოფაცხოვრებო, სამუშაო მასალის შესაძენი თუ ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ფინანსების ძიებაში საკუთარი დროის და ძალისხმევის გაყოფა უწევს ამ სახსრების მოსაპოვებლად, ვერასდროს შეძლებს იგივე შედეგის ჩვენებას.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი, სოციალური, უბრალოდ ადამიანური სამართლიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, აკადემიური მოსწრებისათვის დაჯილდოების უკვე არსებული პრაქტიკის გარდა, სტიპენდიები მიეცეს მათაც, ვისაც იგი სწავლისა და განვითარების ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად უკიდურესად ესაჭიროება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიტერიუმი – სწავლის მაღალი ხარისხი უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ აქცენტი – ფულს ვაძლევთ არა მხოლოდ მას, ვინც უკვე კარგად სწავლობს, არამედ მასაც, ვისაც ეს ფული სწორედ უკეთ სწავლისთვის სჭირდება.

მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ უნდა მოხდეს ამ კატეგორიის სტუდენტთა განსაზღვრა. მიუხედავად ზოგიერთი ტექნიკური ხასიათის პრობლემის შესაძლებლობისა, მიმაჩნია, რომ საუკეთესო გზა იქნებოდა, ამის განსაზღვრა სწორედ სტუდენტებისათვის მიგვენდო - ვფიქრობ, რომ ყოველი მათგანის მიერ ფარული კენჭისყრით გამოვლენილი გადაწყვეტილება კანდიდატების შესახებ საბოლოოდ ყველასთვის მისაღები იქნება. თუმცა შეიძლება სტიპენდიატის გამოვლენის ამგვარი  მეთოდი მხოლოდ დამხმარე საშუალება იყოს იმ პირებისათვის, ვისაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში სტუდენტთა ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში აუცილებლად მიგვაჩნია.

გთავაზობთ შეიქმნას მცირე სამუშაო ჯგუფი, რომელიც დისკუსიის პირობებში ჩამოაყალიბებს პოზიციებს წინადადებასთან დაკავშირებით და პრინციპული მხარდაჭერის შემთხვევაში, დეტალურად განსაზღვრავს მისი განხორციელების გზებს.


04/08/2008

No comments:

Post a Comment