უფასო წიგნების პრობლემა



სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებულმა შფოთმა მოიცვა ბანაკი, რომელიც აქამდე მხოლოდ სოციალ-დარვინიზმის მთლად ველური ფორმის ქადაგებაში იყო შემჩნეული. ისინი ‘დარდობენ’, რომ მდიდრებისთვის დაზოგილმა ფულმა – სოციალური სამართლიანობის (სიტყვა თანასწორობას ჯერ ერიდებიან) დამყარებას ძირი გამოუთხარა.

მე კი ვფიქრობ, რომ სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგება ძალიან კარგი რამაა. რატომ? - ამის და საერთოდ, არაფრის გაგება არ შეიძლება იმ ვითარებაში, როცა თავად ხელისუფლების სოციალური პასუხისმგებლობის იდეაც კი – ბოლშევიზმად ცხადდება, სადაც საბაზრო ფუნდამენტალიზმი – ‘აზროვნების’ წესია, მეწარმის უფლებები – ყველა სხვა უფლებათა შორის განსაკუთრებით პრივილეგირებულად მიიჩნევა და ა.შ. და რაც მთავარია, სადაც რაციონალურ მსჯელობას - პარანოიდალური ისტერიკა ჩაენაცვლება. ამის საპირისპიროდ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება გაკეთდეს: უნდა აიგოს საღ აზრზე დაფუძნებული მსჯელობა. კონკრეტულ ლოგიკაში შესაძლო ხარვეზების მიუხედავად, უნდა შევთანხმდეთ, რომ საღ აზრზე დაფუძნებული ლოგიკა გაგების აუცილებელი პირობაა, და რომ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ არგუმენტებს და არა მზა იდეოლოგიურ კონსტრუქციებს ან რაიმე სხვას. ეს პირობა ასევე გულისხმობს, რომ არის საგნები და მოვლენები, რომელთა გასაგებად აბების გადაყალაპვა – მათ შორის, საინფორმაციო საშუალებათა მიერ მომზადებული აბების – საკმარისი არაა და ცოტაოდენი გარჯის, შესაძლოა, სტერეოტიპთა დანგრევისა და ფასეულობათა გადაფასებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად.

უფასო სახელმძღვანელოების შესახებ ჩემი არგუმენტაცია რამდენიმე ისეთ გარემოებას ეფუძნება, რაც მე უდავოდ მიმაჩნია. დებატები მხოლოდ ამ საბაზისო შეხედულებების გაზიარების შემდეგ, განსახორციელებლად საჭირო კონკრეტულ გზებსა და მეთოდებზე შეიძლება და არა თავად ფუნდამენტურ პრინციპებზე. ისევე, როგორც ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მაგრამ არ შეიძლება დებატებში შესვლა იმასთან, ვინც ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი სულაც არაა ადამიანი და ზოგიერთები, მაგ. ებრაელები, ბოშები ან სლავები ამ სახელს არ იმსახურებენ.

ამიტომ, ეს ტექსტი არ გულისხმობს მოწინააღმდეგეებთან დებატებს, არამედ იმ ფუნდამენტურ გარემოებათა წარმოდგენას, რომლის პირობებშიც უნდა გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, და შემდეგ - გავემიჯნოთ მოწინააღმდეგებს.

ეს საბაზისო გარემოებებია:

1 - სახელმწიფო არ უნდა ახდენდეს სოციალური ან სხვა რამ ნიშნით ადამიანთა სეგრეგაციას.

თუკი დისკრიმინაციული საზოგადოებრივი დაყოფა მოცემულ ვითარებაში რეალურად არსებობს, ყველა მიზნობრივი პროგრამა სწორედ სეგრეგაციის აღმოფხვრაზე უნდა იყოს მიმართული, არა მის წახალისებასა და/ან სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე.

მაგ. სოციალურად დაუცველის სტატუსის მიზანი სახელმწიფოს მიერ ადამიანების მდიდრებად და ღარიბებად დაყოფა კი არ არის, არამედ აღიარება იმისა, რომ ასეთი დაუცველობა არსებობს, რაც შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. ეს ასევე ნიშნავს ხელისუფლების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარებას საიმისოდ, რომ ეს ვითარება გაუქმდეს პოზიტიურად – თავიდან სოციალური დაცვის, შემდეგ განვითარების პირობების შექმნით (ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. ) გაუქმდეს სოციალური უთანასწორობა.

ამავე დროს, სახელმწიფო არ უნდა უზღუდავდეს უფლებებს იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ამა თუ იმ (მაგ. სიმდიდრის) ნიშნით საზოგადოებისგან გამოყოფა, თუ ეს გამოყოფა არ აწესებს უფლებებსა და პრივილეგიებს, რომლებიც კანონისა და საზოგადოებრივი ეთიკის, საღი აზრის საწინააღმდეგოა ან არ ზღუდავს სხვათა უფლებებსა და პრივილეგიებს, რომლებიც ნებადართულია კანონისა და საზოგადოებრივი ეთიკის, საღი აზრის მიერ.

ამდენად: სახელმწიფოსთვის ყველა მოსწავლე, რომელიც სკოლაში სწავლობს, მათთან მიმართებისას არის მოსწავლე და არაფერი მეტი ან ნაკლები. სახელმწიფო არ ყოფს მოსწავლეებს მდიდრებად და ღარიბებად, არც რაიმე სხვა ნიშნით. იგი პასუხისმგებლობას იღებს ასწავლოს ყველას, ვისაც სურს, მხოლოდ განათლებისა და არა პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად იმისა,თუ რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნის იგი; ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფს ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც ყველანაირი სოციალური განსხვავება წაშლილია და არა – პრივილეგირებული ვინმეს სასარგებლოდ.

2 – რატომ?

ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან, კაცობრიობა (ან - მისი უკეთესი ნაწილი), შეთანხმდა, რომ განათლება საყოველთაო სიკეთეს წარმოადგენს (საჭირო არაა ერთმანეთში ავურიოთ ამ სიტყვის ისტორიით განპირობებული მნიშვნელობები: ანტიკურ საბერძნეთში საყოველთაო გულისხმობდა ყველა მამრობითი სქესის მოქალაქეს, თავისუფალ ადამიანს, ყველას, ქალებისა და მონების გარდა. დღეს, საყოველთაო გულისხმობს უკლებლივ ყველას).

ეს დასკვნა უბრალო დაკვირვებისგან გამომდინარეობს, რომლის შედეგად ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ განათლებას არანაირი კავშირი არ აქვს ქონებრივ მდგომარეობასთან; რომ ღარიბი ადამიანის შვილი შეიძლება ისეთივე (ან გაცილებით) ნიჭიერი იყოს, როგორც მდიდრისა, თუკი მას შესაბამისი სწავლის პირობები ექნება. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ განათლება რაიმე ისეთი პროდუქტი კი არაა, რასაც მხოლოდ მისი მფლობელისათვის მოაქვს პირდაპირი სიკეთე, როგორც მაგალითად, ჰამბურგერის ან აიპოდის ფლობას, არამედ ესაა ისეთი რამ, რასაც სიკეთე მოაქვს ყველასათვის: ის, ვინც კიბოს წამალს ან კომპიუტერს იგონებს, ან მზის ენერგიის გამოყენებას სწალობს, ცხადია, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის არ ირჯება. ეს ყველაფერი მჭირდება მე, ჩემს შვილს, მეგობარს, მდიდარი ადამიანის შვილს, რომელიც შესაძლოა უნიჭოა, ან – რაიმე სხვა სფეროში ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ტკივილის კანონებს ისევე ექვემდებარება, როგორც ყველა სხვა... წამალი შეიძლება გამოიგონოს ღარიბი ადამიანის შვილმა იმიტომ, რომ მისთვის განათლება ხელმისაწვდომი შეიქმნა.

გამომდინარე აქედან, განათლება არ არის საბაზრო პროდუქტი. ის, რაც უკლებლივ ყველასთვის ყოველთვის სასარგებლოა, არ შეიძლება მოცემული მომენტის მოთხოვნა-მიწოდების ლოგიკას ექვემდებარებოდეს, ისევე როგორც ჰაერი არ შეიძლება გახდეს საბაზრო მანიპულაციათა საგანი.

ადამიანებმა კიდევ ბევრი რამ აღმოაჩინეს – მაგალითად, მდიდარი ადამიანი ერთ ღამეში შეიძლება ბანკროტი გახდეს და ყველაფერი დაკარგოს, რაც გააჩნია, და პირიქით  - უღატაკესი ადამიანი შეიძლება უცებ გამდიდრდეს. ამიტომ, რაკიღა განათლება არ ექვემდებარება საბაზრო პრინციპებს, და რაკიღა ცხოვრება არ ექვემდებარება მოცემული მომენტის სოციალურ სატუს-ქვოს, ადამიანებმა ბოლოს მარტივი რამ დაასკვნეს:

განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად, ყოველ მოცემულ მომენტში, უპირობოდ.

ეს დასკვნა 1966 წელს აისახა ევროპის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ქარტიაში, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ (იხ. სქოლიო).

ეს იდეალია. იდეალია ის, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ. ეს არაა საბაზრო ‘იდეალი’, ან რაიმე ვიწრო პროფესიული კომპეტენციის თემა. ეს არაა საკითხი, სადაც გადაწყვეტილება ექსპერტებმა უნდა მიიღონ. ესაა საზოგადოებრივი იდეალი და მხოლოდ საზოგადოება წყვეტს (ანუ საზოგადოება მთლიანად, მათ შორის, ცხადია, ბაზრის სუბიექტები) - სწორია თუ არა ეს იდეალი. და თუკი საზოგადოება თვლის რომ სწორია, მაშინ ხელისუფლებას ავალებს მის განხორციელებას, რადგან ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია საზოგადოების ხელში საკუთარ თავისუფლებათა განსახორციელებლად. ასევე ავალებს კანონიერად აღკვეთოს მათი ქცევა, ვინც ცდილობს ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას. მაგ. კრიმინალები, ან – საზოგადოებრივი იდეალების - საბაზრო ლოგიკით ჩანაცვლების მსურველები.

სხვა საქმეა, როცა ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი ჩანს სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველას გვსურს სუფთა ჰაერს ვსუნთქავდეთ, მაგრამ რაკიღა სხვა გზა არ გვაქვს, გამონაბოლქვით გაჯერებულს ვისუნთქვათ. რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენი იდეალია. იდეალი რომ გვახსოვს, სწორედ ამიტომ ვავალებთ ხელისუფლებას გაწმინდოს ჰაერი გამონაბოლქვისგან. ეს რა თქმა უნდა, დემპინგური საწვავის იმპორტიორებს არ ესიამოვნებათ, მაგრამ რაკიღა სასწორზე გაცილებით დიდი საპირწონე დევს, საზოგადოებისთვის ამას დიდი მნიშნველობა არ აქვს.

სასკოლო წიგნების საყოველთაო ხელმისაწვდომობა ის იდეალია, რომელსაც საზოგადოება თუ იზიარებს, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს და ყური არ უგდოს მოწინააღმდეგეთა ჩივილებს.

აქედან: კარგია, რომ:

სასკოლო წიგნი, როგორც განათლების პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, ერთნაირად ხელმისწვდომი იყოს ყველასთვის – მდიდარია იგი დღეს თუ ღარიბი, ქალია თუ კაცი, მართლმადიდებელის ოჯახიდანაა, თუ ათეისტის.

დავა მხოლოდ იმის შესახებ შეიძლება იყოს, მართლა სასურველ ვითარებას ვიღებთ თუ არა ამოცანის ახლა,  ამ ფორმით განხორციელებისას, ხომ არ ვჩქარობთ? სხვაგვარად – მართლა აქვს თუ არა სახელმწიფოს რესურსი დღეს უფასო წიგნებით უზრუნველყოს ყველა ხილვად პერსპექტივაში? ექსპერტის საჭიროება სიტუაციაში მხოლოდ ამ მომენტიდან ჩნდება.

ამ კონტექსტში შენიშვნა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბოროტად ისარგებლოს მდგომარეობით და მხოლოდ მისთვის სასურველი, პოლიტიკურად მომგებიანი და მერკანტილურად მიზანშეწონილი წიგნები დაბეჭდოს, სამართლიანი ჩანს და არადემოკრატიულ, ან ნომინალურად დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მენტალობისთვის ბუნებრივია, მაგრამ ეს არაა მიზეზი, რის გამოც იდეალის უარყოფა შეიძლება.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ასე მოხდებოდა: გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს მაგ. ფიზიკაში, იღებს არა სამინიტროს ჩინოვნიკი, პრემიერ-მინისტრი ან ვინმე სხვა, არამედ ფიზიკის სპეციალისტთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც სასკოლო პედაგოგები, ასევე საუკეთესო ფიზიკოსები. ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს. თუკი ფიზიკოსების აზრით, მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იმსახურებს დაბეჭდვას, სწორედ ეს ერთი უნდა დაიბეჭდოს, თუკი ორი და სამი მიიღებს თანაბარ შეფასებას, მაშინ სახელმწიფოს უპრობლემოდ შეუძლია დაბეჭდოს ორი ან სამი ტირაჟი. ხოლო თუკი ასეთი კოლეგიის მიერ რეკომენდირებული წიგნების რაოდენობა ოცდახუთია, ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე – ჩანს ფიზიკოსთა კოლეგიაში უმრავლესობა წიგნების ავტორთა ნათესავებს ჩაუგდიათ ხელში.

რასაკვირველია, ყველას შეუძლია გახსნას კერძო სკოლა, დაბეჭდოს ფიზიკის კერძო სახელმძღვანელო (რომელიც იგივე წესით, პროფესიონალთა მიერ უნდა იქნას სანქცირებული) და მიიზდოს მდიდარი ან რამე სხვა კატეგორიის ადამიანები.

რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკურადაც მომგებიანია: ის რაც მოხდა, არის არა ის, რომ მდიდრებს წიგნების ყიდვა აეკრძალათ, არამედ ის, რომ ღარიბებს მიეცათ მეტი საშუალება სრულფასოვნად ისწავლონ. ცხადია, საჭირო არაა ეკონომიკის, ზოგადად განვითარებისთვის განათლების მნიშვნელობაზე ლაპრაკი. განათლებაში ინვესტირება გრძელვადიან პერსეპქტივაში ყველაზე მაღალ მოგებას იძლევა. ასევე, ესაა რეალური სტიმული კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის კონკურენციისა, და ამდენად მაღალი ხარისხისაკენ სწრაფვისათვის.

მაგრამ:

თუნდაც ამ საზოგადოებრივი იდეალის მიღწევის შემდეგ ერთ გარემოებას აღმოვაჩენთ:
საზოგადოებაში უთანასწორობა არ გაუქმებულა! ისევ არიან მდიდრები და ღარიბები... და აი, საბაზრო ფუნდამენტალისტები, მათ შორის, იმ გამომცემელთა ლობისტები, რომლებიც კორუფციული შეკვეთებით ხეირობდენენ, ადამიანები, რომლებიც აქამდე საბაზრო დარვინიზმს ქადაგებდნენ, გოდებას იწყებენ: ‘რა უსამართლობაა, რა გულქვაობაა ღარიბთა მიმართ, მდიდრების მიერ წიგნებში გადახდილი ფულით ხომ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ა.შ. მხარდაჭერა შეგვეძლო’.

ასეთმა ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რატომ არ აუქმებს უფასო წიგნები  უთანასწორობას: უფასო წიგნები მიზნად არ ისახავს ეკონომიკური უთანასწორობის პირდაპირ გაუქმებას! ეს არაა ‘სოციალური დაცულობის’ პროექტი და ის ფაქტი, რომ უფასო წიგნების დაბეჭდვით უთანასწორობა არ გაუქმებულა, სულაც არაა საბაბი იმისათვის,რომ უარი ვთქვათ მასზე. ამ ორ ლოგიკას ერთმანეთთან არაფერი ესაქმება. ფასიანი წიგნები როგორმე ეხმარებოდა თანასწორობას?!

საბაზრო, სოციალური და განათლების პროცესთა ლოგიკების აღრევისას მღვრიე წყალს მხოლოდ ბრიყვები ეტანებიან, ზოგჯერ კი სპეციალურად ამღვრევენ: სუფთა წყალში თევზის დაჭერას მეტი ოსტატობა და შრომა სჭირდება.

მაგრამ გამოსავალი არსებობს და ისიც ძალიან მარტივია, რთულია მხოლოდ ამ საბაზრო ისტერიკის, დამკვიდრებული ყალბი ფასეულობების დანგრევა და იმ სიცხადის დანახვა, სადამდეც ცივლიზებული სამყარო დიდი ხანია მივიდა:

პროგრესული გადასახდი არის ის მექანიზმი, რითაც ეს უსამართლობა უქმდება.

პროგრესული გადასახადის მეშვეობით (სხვა პროექტებთან ერთად) შეიძლება იმ სახსრების მობილიზება, რომლის ერთადერთი დანიშნულებაც სწორედ უთანასწორობის პოზიტიური გაუქმება იქნება.

ასე რომ, ჯერჯერობით, უფასო წიგნების პრობლემა ასე გამოითქმის:

რასთან გვაქვს საქმე ამ თავისთავად ძალიან კარგი პროექტის შემთხვევაში: ფართო, პოზიტიური პერსპექტივის ხედვაზე დაფუძნებული პროგრამის ნაწილთან, რომელიც (სხვა ნაბიჯებთან ერთად) პროგრესულ გადასახადს ლოგიკურად გულისხმობს, როგორც შემდგომ ეტაპს, თუ უბრალოდ მორიგ ღონისძიებასთან, რომელიც არა ‘საზოგადოებაზე’, არამედ ‘ამომრჩეველზეა’ გათვლილი?



–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მუხლი 13


1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

2. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ზემოაღნიშნული უფლების სრულად განხორციელებისათვის:

a) დაწყებითი განათლება უნდა იყოს ყველასათვის სავალდებულო და უფასოდ ხელმისაწვდომი;

b) საშუალო განათლების მიღება მისი სხვადასხვა ფორმით, ტექნიკური და პროფესიული საშუალო განათლების ჩათვლით, უნდა გახდეს საყოველთაოდ შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ყველა შესაფერისი საშუალებით, კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობით შემოღების გზით;

c) უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომი თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა შესაფერისი საშუალებით და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით;


სრული ტექსტი:
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1483577









ნაციონალური მოძრაობა – ოპოზიცია?!



Iნაციონალური მოძრაობა

კონსტიტუციაზე ძალადობა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მიზანმიმართული განადგურება, შედეგად – სოციალური კატასტროფა და ქვეყნის უსაფრთხოების მოშლა, უგუნურ ომში ტერიტორიების დაკარგვა, დასავლეთში ინტეგრაციის ხანგრძლივი დროით შეფერხება, სამოქალაქო მონაწილეობისა და თვითმმართველობის გაუქმება, მედიის ტოტალური კონტროლი და მანიპულირება, მიტინგების დარბევა, შრომის კოდექსი, რომელიც არსებითად მონობას აკანონებს, პოლიტიკური ოპონენტების და/ან მათი ახლობლების დევნა, პოლიტიკური შანტაჟი, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ადამიანების წამება ციხეებში,  არჩევნების გაყალბება, ურბანული გენოციდი,  ბიზნესის ტერორი და კერძო საკუთრების უსამართლო ხელყოფა, ელიტარული კორუფცია, ‘ოპოზიციის’ მოსყიდვა, დებატების უარყოფა და რაციონალური პროცესების ნაცვლად – ირაციონალური და ისტერიკული სტილის დამკვიდრება, უმაღლეს დონეზე წახალისებული მიზანთროპია – ამ ნიშანთაგან რომელიმე ან რამდენიმე შეიძლება ბევრ ხელისუფლებას ახასიათებდეს, მაგრამ თუ ყველა მათგანს ჩამოუთვლით, ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ჩვენში გეტყვით, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ. ფანტანებზე და განათებულ ქუჩებზე, ან განუხორციელებელ, ‘პოზიტიურად’ ჩაფიქრებულ პროექტებზე საუბარიც ვერ შეიტანს მსჯელობაში რაიმე ისეთ დადებითს, რასაც შეუძლია ვითარება გამოსწოროს. თუ მაგ. განხორციელებულ ლაზიკას წარმოვიდგენთ, წარმოსახვაში, რომელიც სამწუხაროდ, უკვე ნანახის გამოცდილებით საზრდოობს, უნებურად ვხედავთ როგორ ეხდება ჭერი შენობებს ქარიან ამინდში, როგორ იშლება ხელის წაკვრისას ‘გიპსოკარდონით’ აგებული ფასადები, და რა აუტანელ პირობებში ცხოვრობს ამ ფასადებს მიღმა ნათელი მომავლის დაპირებით სხვადასხვა რეგიონებიდან აყრილი მოსახლეობა.

ნაციონალური მოძრაობა ისტორიულად ძალიან ხანმოკლე მოვლენა იყო – მიუხედავად იმისა, როგორ განვიცდით ამ მოვლენის ტრამვებს დღეს. შედარებისთვის,  სოციალიზმი ხანგრძლივი ისტორიული დისკურსია, და ხელაღებით მისი ‘ბოროტებად’ შეფასება უბრალოდ უმეცრებაა. ეს ნიშნავს, სტალინთან და პოლ პოტთან, ბოლშევიზმთან  ერთ ქვაბში მოვხარშოთ გუნარ მირდალი ან სარტრი, ფოლკჰემეტი და ზოგადად სკანდინავიური გამოცდილება. ეს იგივეა, რომ ქრიტიანობას – დღეს არსებულთგან ერთ–ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროცესს, სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანოთ ინკვიზიციისა და ჯვაროსნული ომების გამო. და ბოლოს, თვით ყველაზე უკომპრომისო სოციალისტიც კი ვერ იტყვის, რომ კაპიტალიზმის მთელი ისტორია – ბოროტებათა ისტორიაა, არავის შეუძლია უარყოს ის უდიდესი წვლილი,  რაც კაპიტალიზმმა, როგორც ფორმაციამ, შეიტანა საზოგადოებრივ პროგრესში. ყველა ეს პროცესი ურთიერთწინააღმდეგობრივი და მრავალფეროვანია, აქვს პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები, და მათი ცალსახად შეფასება არასწორია. მე ასეთ პროცესებს, გნებავთ – იდეოლოგიებს, ‘ორგანზომილებიანს’ ვუწოდებ – ანუ ისეთებს, რომელთაც აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მიმართულებით განვითარების ალბათობა.  უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შინაგანი ტრანსფორმაციების ერთ–ერთი უმთავრესი პირობა – დროა. დროში საკმაოდ განვრცობილი პროცესები ხშირად ახერხებენ ტრანსფორმირდნენ.

მაგრამ ისტორიაში არსებობს პროცესებიც, რომლებიც მხოლოდ ერთმნიშვნელოვან შეფასებას ექვემდებარება. და ასეთ პროცესებს სწორედ ისიც ახასიათებს, რომ დროის ისეთი მოკლე ინტერვალი უკავიათ, რომლის დროსაც შინაგანი ტრანსფორმაცია არ ხერხდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სახელი დაერქმევა და მოვლენისა და სახელის გამიჯვნა შეუძლებელი ხდება (როგორც წესი, ასეთი მოვლენა ერთი კონკრეტული ადამიანის სახელს უკავშირდება და მისი ბიოგრაფიის საზღვრებს არ სცდება). ასეთ პროცესებს ან იდეოლოგიებს ვუწოდებ ‘ერთგანზომილებიანს’ – ანუ რომელთაც მხოლოდ ნეგატიური განზომილება აქვთ (აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს ერთგანზომილებიანი პოზიტიური იდეოლოგიები, ანუ ისეთი, რომლის ბოროტად გამოყენება შეუძლებელია, რომელიც მხოლოდ პოზიტურად შეიძლება დახასიათდეს). ყველაზე აშკარა ასეთი ერთგანზომილებიანი მოვლენებია ფაშიზმი და სტალინიზმი. არავის მოუვა თავში აზრად დადებითად შეაფასოს ისინი, ან ირწმუნოს, რომ შესაძლებელია მათი შინაგანი ტრანსფორმაცია და საბოლოოდ,  პოზიტიურ პერსპექტივად ჩამოყალიბება. იმის მიუხედავადაც რომ, ცალკე აღებული ზოგიერთი მაშინდელი მოვლენა ვინმემ შეიძლება პოზიტიურად მიიჩნიოს (მაგ. ჰიტლერის და სტალინის მიერ განხორციელებულ მშენებლობათა, ტექნიკური მოდერნიზაციის, ზოგადად  ეკონომიკური განვითარების მასშტაბებთან  შედარებით ნაცმოძრაობის მიერ განხორციელებული ‘შუქის, გზებისა და ფანტანების’ პროექტები უბრალოდ შეუმჩნეველია). ამ ტრანსფორმაციის რწმენა შეუძლებელია იმიტომ, რომ ფაშიზმი და სტალინიზმი იქცა სწორედ ბოროტმოქმედების სიმბოლო–სახელებად. თუ იმის დაჯერება, რომ ბოროტი ადამიანი შეიძლება გახდეს კეთილი, ასე თუ ისე, შესაძლებელია, აბსურდია ვიფიქროთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბოროტება როგორც ასეთი, შეიძლება იქცეს სიკეთედ.

ჩემი აზრით, სწორედ ასეთ, ერთგაზომილებიან მოვლენათა რიგს მიეკუთვნება მოვლენა ‘ნაციონალური მოძრაობაც’. შეუძლებელია მისი შინაგანი ტრანსფორმაცია ისე, რომ დარჩეს იგივედ – ანუ ნაციონალურ მოძრაობად, და ამავე დროს, გათავისუფლდეს იმ შინაარსისაგან, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ.

სამწუხაროდ, დრო ამისთვის უბრალოდ არ არსებობს. ნდობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგია, მას შენება სჭირდება. შენებას კი – დრო. წლების განმავლობაში ნაშენები შეიძლება ერთი წამში დაინგრეს. და რამდენი დრო დასჭირდება ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად იმას, ვინც წლები ანგრევდა... რაც მთავარია, არავის სურს მისცეს მათ ეს დრო... პერსონალურად – კი ბატონო. მაგრამ არა იდეოლოგიას და პრაქტიკას.

II ოპოზიცია

რა არის რეალური ოპოზიცია, სხვაგვარად –  რა უნდა მივიჩნიოთ მის მთავარ მახასიათებლად მეტ–ნაკლებად დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემებში, რა არის პრინციპები, რომელიც უნივერსალურია ყველა თუნდაც ნომინალურად დემოკრატიული საზოგადოებისათვის? აქ მრავალი პოლიტიკური ძალა არსებობს, თუმცა ძალაუფლების მოპოვების რეალური პოტენციალი მოცემულ მომენტში მხოლოდ რამდენიმეს აქვს. მაგ. ინგლისში ამ თვალსაზრისით უახლოეს ისტორიაში და ხილვად პერსპექტივაში მხოლოდ ლეიბორისტებზე და კონსერვატორებზე, ასევე, ზოგჯერ, ლიბერალებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, დავუშვათ, ხელისუფლება კონსერვატორებს უკავიათ – როგორც დღეს. რას აკეთებს ოპოზიცია? ე.წ.  ჩრდილოვან პოლიტიკას – თუ კონსრვატორები სთავაზობენ პოლიტიკურ დღის წესრიგს და პრობლემათა გადაჭრისა და განვითარების გზებს – ოპოზიცია არა უბრალოდ აკრიტიკებს მათ, ან მოითხოვს დროზე შეასრულონ მიცემული დაპირებები, არამედ შეიმუშავებს ალტერნატიულ დღის წესრიგს, პრობლემათა გადაჭრის სხვა გზებს. ჩრდილოვანი კაბინეტის ტრადიციის წყალობით, საზოგადოებამ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ისიც კი იცის, ვინ იქნება ამა თუ იმ სამინისტროს ხელმძღვანელი ოპოზიციის გამარჯვების პირობებში. ამდენად, ოპოზიციის მიზანია საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი პოზიცია, ხედვა და განხორციელების გზები უკეთესია, ვიდრე მოწინააღმდეგე პარტიებისა. რამდენადაც ამას შეძლებს, რამდენადაც მოიპოვებს ნდობას, იმდენად წარმატებული იქნება კონკრეტული პოლიტიკური პროექტი. შესაძლოა ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ ერთი–ორი ადამიანი გაიყვანოს პარლამენტში და მისთვის ესეც დიდი წარმატება იყოს. მაგრამ ძალაუფლების იმ ბერკეტების მოსაპოვებლად, რომელიც შესაძლებელს გახდის რეალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურმა პარტიამ  (ან კოალიციის შემთხვევაში – პარტიების ერთობამ) 50%–ზე მეტი უნდა აიღოს. ესე იგი, რეალურ ოპოზიციად მოცემულ მომენტში შეიძლება მივიჩნიოთ ის პოლიტიკური ძალა, რომლის მიერ ხილვად პერსპექტივაში 50%–ზე მეტი ლეგიტიმაციის მოპოვების ალბათობა მაღალია, ან – უტოპიური მაინც არ არის. და არა ის, ვისაც თვითონ სურს იყოს ‘რეალური’, ან დაჟინებით იმეორებს, რომ ‘რეალურია’. სხვაგავარად, ოპოზიციის ‘რეალურობის’ უმთავრესი საზომია ‘პრინციპულად არჩევადობა’ – მას უნდა ახასიათებდეს არჩევადობის მაღალი თეორიული ალბათობა.

კიდე ერთხელ დავაზუსტებ, რომ ვგულისხმობ დემოკრატიულ საზოგადოებას, ანუ საზოგადოებას, სადაც, სხვათა შორის, დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს მეტ–ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობები აწარმოოს საკუთარი იდეების პოპულარიზაცია; სადაც მედია შედარებით თავისუფალია, იმდენად, რომ სურვილის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია მეტ–ნაკლებად სრული ინფორმაცია მიიღოს პროცესების შესახებ. ანუ სადაც – პოლიტიკური საქმიანობა თავისუფალია, და საზოგადოება – ინფორმირებული.

თუ: 1 – დასაწყისში ნაცნიონალური მოძრაობის აღწერა პრინციპულად სწორია, და თუ 2 – დავუშვებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა რეალური ოპოზიციაა, ანუ – რომ მას აქვს ხელისუფლებად არჩევის შანსი, უნდა დავასკვნათ, რომ: საზოგადოება არის ველურთა და იმავე დროს, მაზოხისტთა  ბრბო, რომელიც ინფორმირებულობისა და თავისუფალი არჩევანის პირობებში სწორედ ავტოკრატიას, სიღატაკეს, დევნას, შეურაცხყოფასა და დამცირებას აირჩევდა.

ჩემი აზრით, ამის დაჯერებით მხოლოდ საკუთარი სიველურის დამტკიცება შეგვიძლია. და არაფერი ბუნებაში რეალურად არსებულისა.

თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ კვლავ, 1 – ზემოთ მსჯელობა სწორია, და ამავე დროს, 2 – საზოგადოება საბოლოო ჯამში ყოველთვის რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს, და ამ პირობებში წარმოვიდგენთ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას, აღმოვაჩენთ, რომ ეს მხოლოდ ორი გზით შეიძლება მოხდეს: პუტჩით – ძალაუფლების ხელში ჩაგდებით ფიზიკური ძალის გამოყენებით, ან – საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანით, მედიისა და სხვა საშუალებებით ხალხის მოტყუებით, დარწმუნებით იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა ‘გამოსწორდა’. თუმცა ამას კვლავ აბსურდულ დასკვნამდე მივყავართ – უნდა დავუშვათ, რომ საზოგადოება შესაძლოა არა მაზოხისტთა, მაგრამ – ბრიყვთა ბრბოა, რომელსაც ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. ამის დაშვებით იგივეს ვამტკიცებთ, რასაც წინა შემთხვევაში.

ასე რომ, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია შესაძლოა ბევრ შეცდომას უშვებს, რამაც შეიძლება პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს, ნაციონალური მოძრაობა ვეღარასდროს მოიპოვებს კრიზისის გადამჭრელის ან ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას,   და ხელისუფლებაში ხელახლა  მხოლოდ კატასტროფულ ვითარებაში შეიძლება მოვიდეს – შანტაჟის, სამხედრო გადატრიალების ან ტერორის გზით.

ამდენად, ვინც ამ მსჯელობა გაიზიარებს, ლოგიკურად მივა დასკვნამდე: ნაცმოძრაობისადმი პოლიტკორექტული რევერანსები, ლაპარაკი ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც რეალურ პოლიტიკურ ოპოზიციაზე, არის მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგია, რომელიც ან – საზოგადოებისა და პოლიტიკის, როგორც ასეთის შესახებ წარმოუდგენელი უმეცრებით იკვებება, ან   – განპირობებულია პრინციპული ეჭვით და უნდობლობით საზოგადოებისადმი, რომლის დროსაც შესაძლებლად მიიჩნევა, რომ ადამიანებმა ოდესმე შეგნებულად აირჩონ ის, რაც მათი განვითარების ინტერესებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება, ის, რაც განსაზღვრებით არის ბოროტება. 

‘ჟურნალისტიკის’ წინააღმდეგ





ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენში ჟურნალისტიკის მთავარი პრობლემა არ არის არაპროფესიონალიზმი. ეს მეორე რიგის პრობლემაა. მთავარი პრობლემაა თავად 'პროფესიონალიზმის' არასწორი გაგება.

რისი პროფესიონალია ჩვენებური 'პროფესიონალი’ ჟურნალისტი? ჟურნალისტიკის. უკეთ, ჟურნალისტური ტექნიკის (დაბალანსება, ობიექტურობა...) და პრობლემების სათავეც ამაშია.  ჩვენ, ცოტა, მაგრამ გვყავს ‘პროფესიონალი’ ჟურნალისტები, მაგრამ თითქმის არ გვყავს ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიულ დონეზე იცნობენ  კონკრეტულ სფეროებს – ეკონომისტი, სოციოლოგი, პოლიტოლოგი, კულტუროლოგი და ა.შ. ჟურნალისტები. როგორც ჩანს, ერთადერთი დარგი, სადაც ‘ჟურნალისტიკის’ 'ცოდნით' ფონს ვერ გახვალ და ასე თუ ისე, დარგიც უნდა იცოდე, სპორტია (თუმცა ეს შთაბეჭდილება შეიძლება იმის ბრალია, რომ თავად საერთოდ ვერ ვერკვევი სპორტში). დანარჩენში ჟურნალისტები დიდად არა, ზოგჯერ მხოლოდ გრამატიკის უკეთ ცოდნის და 'სკანდალური' სათაურის მოფიქრების უნარით განსხვავდებიან მარშუტკებში აქტუალურ თემებზე მობაასე რიგითი მოქალაქეებისაგან.

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად ექს–მინისტრ ბენდუქიძესთან ჟურნალისტების შეხვედრა მახსენდება, როცა ექს–მინისტრმა მცოდნე, კომპეტენტური ადამიანის ტონით გააკრიტიკა პრემიერ–მინისტრი ბენზინის ფასების კლების გამოცხადების გამო – სად გაგონილა ერთ ქვეყანაში ბენზინზე სხვადასხვა ფასები იყოს, ესე იგი კორუფციააო. ყველა თქვენგანს შეუძლია ინტერნეტით მოიძიოს მსოფლიოს ქალაქებში ბენზინის ფასები, და დამოუკიდებლად აღმოაჩინოს რომ ბატონი ბენდუქიძე ცდება – ან ტყუის. მეორე დღეს მე თავად დავდე ფბ–ზე თითო კონკრეტულ ქალაქში (ნიუ–იორკი, ლონდონი, პარიზი) ერთი და იმავე მარკის ბენზინზე სხვადასხვა ფასები (5 სხვადასხვა ფასი ლონდონში და ა.შ.). იმის გამო, რომ საკითხში ვერავინ ერკვეოდა, გამოვიდა, რომ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა მოუგო ჟურნალისტებს, დაასაბუთა პრემიერ–მანისტრის არაკომპეტენტურობა (სულ მცირე), თავად კი 'ჭკვიანი' კაცის რეპუტაცია გაიმაგრა. ამიტომაც, ჟურნალისტებმა ეგ რა შუაშიაო და... მერე ამას მოჰყვა ლაპარაკი ზრდილობაზე, კულტურაზე  და ა.შ. არადა საქმე ისაა, რომ ბენდუქიძე ზრდილობაში კი არა, პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკაშია უვიცი (ან თაღლითი), და ამის დასაბუთებას არა მაღალი მორალი ან ჟურნალისტიკის ტექნიკის, არამედ – ეკონომიკის ცოდნა სჭირდება.

სხვათაშორის, სერიოზული გაუგებრობა და  არაპროფესიონალიზმის ბრალია ისიც, რომ თავად ჟურნალისტები კრიტიკას არასწორად აღიქვამენ, როცა ჰგონიათ, რომ მათგან ითხოვენ ყურადღება არ დაუთმონ სკანდალურ თემებს, და სხვა თემებზე ილაპარაკონ.  ამ დროს ისინი გაკვირვებულები იჩეჩავენ მხრებს – როგორ არ უნდა გავაშუქოთ 8 თებერვლის, ტელეეთერში ჩხუბის და ა.შ. ინციდენტი?

პრობლემა კი სულაც არაა ის, რომ ამ ინციდენტებს აშუქებენ, ნაცვლად სხვა რამისა. რა თქმა უნდა, ინციდენტის გაშუქება აუცილებელია და სკანდალებს მედია, მით უმეტეს, ნიუსები, ვერ გაექცევა – გვინდა თუ არა ეს.

მაგრამ მთლიანობაში მედიაში სიტუაციის არაადექვატურობას ის განაპირობებს, რომ იქ სკანდალების, ნახევრადსკანდალების, სკანდალებისკენ მისწრაფების, სკანდალების ღეჭვის  და სკანდალების მოწყენილი ლოდინის მეტი არაფერია. თითქმის მთელი მედია სივრცე მხოლოდ ესაა: სკანდალები ნიუსებში, ხოლო ე.წ. თქო–შოუებში – ნიუსებში გასული სკანდალების განხილვები: იყო თუ არა ესა თუ ის სკანდალი საკმაოდ სკანდალური, ეს სკანდალი უფრო საკნდალური იყო თუ ის, ვინ უფრო სკანდალურად გამოხატავს თავის აზრს ამა თუ იმ სკანდალის შესახებ...  და ჟურნალისტის 'პროფესიონალიზმიც' იმით იზომება, რამდენად უახლოვდება ენერგიული ყვირილის და ‘გვარები დაასახელეთ’ დონის A-la ინგა გრიგოლიას ‘სტანდარტებს’.

სისულელეა იმით თავის მართლება, რომ ხალხს მხოლოდ, ან ყველაზე მეტად სკანდალები აინტერესებს. ჯობია ვაღიაროთ, რომ ხალხს რაც აინტერესებს, იმის კეთება არ შეგვიძლია.

ჯერჯერობით არ შეგვიძლია ხალხისთვის რეალურად მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, საგანამანათლებლო თემებზე არგუმენტირებული დებატების, დისკუსიის წარმოება, კომპტენტური ანალიზი და შეფასება.

კვლავ მხოლოდ მაგალითისთვის, თუ რა ტიპის ტელეპროდუქციაზე ვსაუბრობ, გავიხსენებ უამრავიდან ერთს,  ‘რატომ სიღარიბე’–ს (Why Poverty?) – სრულიად არასკანდალურ, და მაინც, ერთ–ერთი ყველაზე ყურებად გადაცემათა სერიას  BBC–ზე,  სადაც ტონი ბლერი და აფრიკელი სტუმრები ძალიან ‘არასკანდალურ’ თემაზე – ათწლეულების განმავლობაში აფრიკაში მიმდინარე პრობლემატურ სოციალურ პროცესებზე საუბრობდნენ. გადაცემის ძალიან კარგ წამყვან ზეინაბ ბადავის – არასოდეს (!) უსწავლია პროფესიულად ჟურნალისტიკა, სამაგიეროდ სწავლობდა პოლიტიკას, ეკონომიკას და ფილოსოფიას ოქსფორდში.

გამოსავალიც სწორედ ესაა –  ტელევიზიებმა და სხვა მედია საშუალებებმა დაიწყონ ამგვარი – არა ჟურნალისტიკაში, არამედ – სხვადასხვა სფეროებში პროფესიონალი ადამიანების მიზიდვა.

სერიოზულმა, თავისი თავის პატივისმცემელმა და რეპუტაციაზე მზრუნველმა ტელევიზიებმა ჟურნალისტიკაში უნდა მიიზიდონ ადამიანები, რომლებსაც რაიმე სფეროში აკადემიური განათლება აქვთ მიღებული. ჟურნალისტიკის სკოლებიც ასეთი – რაიმე სფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანების სპეციალური მომზადების მოკლე კურსებს უნდა წარმოადგენდეს, ხოლო ჟურნალისტიკის საბაკალავრო სწავლებას ის ბედი უნდა ეწიოს, რასაც აბსურდული, არარაციონალური, მეტიც – სრულიად ბარბაროსული საქმეები იმსახურებენ – უნდა გაუქმდეს.

X საზოგადოება




BBC-მ ან რომელიმე არხმა აჩვენა ჩვენი ბარბაროსობის ამბავი, New York Times-მა ან რომელიმე გაზეთმა რაიმეში საუკეთესოდ მიგვიჩნია - სანამ საკუთარ ქცევას იმის მიხედვით ვზომავთ, როგორი ვჩანვართ დასავლეთის თვალში, მანამდე გვინდა არა ის, რომ თავად ვიყოთ ცივილიზებული საზოგადოება, არამედ - ვიყოთ ისეთები, როგორიც 'ცივილიზებულ ხალხებს' მოვეწონებით. ეს კი სულაც არაა ერთი და იგივე.

მავანი X ცდილობს ისეთი იყოს, როგორიც მაგ. გრეგორი პეკია - რათა თავის სიყვარულს, მაგ. ოდრი ჰეპბერნს  მოაწონოს თავი. მისი ყველა ქცევა საყვარელი ქალის მზერაზეა გათვლილი. მაგრამ იგი ვერასოდეს იქნება გრეგორი პეკი, და არაფრის დიდებით არ ისურვებდა ყოფილიყო ოდრი ჰეპბერნი.

ამდენად, საქმე გვაქვს ორმაგ (გაუცნობიერებელ?) ფარისევლობასთან.

და თუ პრაქტიკული თვალსაზრისით შევხედავთ, გრძელვადიან პერსპექტივაში - არაპრაგმატულობასთან: არ მოვეწონებით. არც ჩვენ მოგვეწონება საკუთარი თავი. არავის მოსწონს გრეგორი პეკის იმიტაცია. და თუ მაინც მოსწონს - ჩვენ გაგვიცივდება სიყვარული, როცა მივხვდებით, რომ არა იმის გამო მოვწონვართ, როგორებიც რეალურად ვართ... და ამის გამო ოდრის 'ზეციურობის' რწმენას დავკარგავთ. ეს მოხდება იმავე დღეს, როცა თამაშის დაძაბულობა დაგვღლის, მოვეშვებით და რეალურ სახეს გამოვაჩენთ.

სანამ ამისგან არ გავთავისუფლდებით (ვისაც გვეხება), სანამ არ  შევეშვებით გრეგორი პეკსაც და ოდრი ჰეპბერნსაც, ორივე ევროპას - რომელსაც ვბაძავთ, და რომელსაც გვინდა მოვწონდეთ - და საკუთარ თავზე არ ვორიენტირდებით, სანამ არ მივიღებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ვართ - მაგრამ არა როგორც უცვლელ მოცემულობას, არამედ როგორც 'მასალას', რომელიც შემოქმედებითად შეგვიძლია გარდავქმნათ, რათა განვახორციელოთ ჩვენი დაე თუნდაც ყველასათვის მიუღებელი უნიკალურობა, სანამ მზად არ ვიქნებით შესაძლოა, უსიყვარულობისთვის - მანამდე არ ვიქნებით ზრდასრული, მოწიფული ადამიანები.

ხოლო ევროპა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, სხვა არაფერია, თუ არა მოწიფულობის სხვა სახელი

ვის ეშინია, და ვის არა სტალინის?




ის, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც სტალინი არა მხოლოდ ისტორიულ-ტურისტული მნიშვნელობის მქონე, არამედ საამაყო ქართველად მიაჩნიათ, ჩემი აზრით, არის ძალიან სამწუხარო გარემოება. მაგრამ ამ გარემოებას აქვს მიზეზები.

როდესაც წესრიგის სიმბოლურ ცენტრს კარგავენ და სანაცვლოდ არ იღებენ არაფერს, პირველ რიგში - განათლებას, ადამიანები ასეთ ცენტრებს მითოლოგიური ფიგურების გარშემო ქმნიან. ეს ასე ხდება ყველგან და ყოველთვის. ჩვენშიც ასე მოხდა. ბევრ სხვა ფაქტორთა შორის, ამ გარემოებაზე ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებლად მიმაჩნია წინა ხელისუფლება.

ერთი მხრივ, განათლების სისტემის თანმიმდევრული განადგურება, მეორე მხრივ, ასევე მიზანმიმართული დისკრედიტაცია ევროპის როგორც ასეთის, თანამედროვე ცივილიზაციის ფასეულობებისა უეჭველად განაპირობებდა მსგავს შედეგს.

ხალხის ბნელებად, საკუთარი თავის - პროგრესის პიონერებად წარმოდგენა იყო ერთადერთი შესაძლო ლეგიტიმაცია ხელისუფლებისა დასავლეთში. 'ხალხი ბნელია' მაშინ, როცა სიბნელეში ცხოვრობს, მაგრამ ამ სიბნელის ავტორი ისაა, ვისაც ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკაზე, განსაკუთრებით, განათლებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. სხვაგვარად, მე ვამტკიცებ, რომ თუ ჩვენში სიბნელე არსებობს, მას ჰყავს კონკრეტული ავტორები და ეს ავტორები არიან ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიის ადეპტებიც.

სტალინის კულტის გაქრობის ორი გზა არსებობს - ძალადობით ჩავანაცვლოთ იგი ახალი, მაგ. ჯორჯ ბუშის კულტით, ან - ხალხს მიეცეს განათლების საშუალება.



ჯორჯ ბუშის ბოროტმოქმედებათა მასშტაბები, თუკი მათ შიშველ ციფრებში გამოვხატავთ,  რა თქმა უნდა, გაცილებით მცირეა, ვიდრე სტალინის. მაგრამ მცირე თუ დიდი, ის ბოროტმოქმედად რჩება. განსაკუთრებით ცინიკურია ეს ბოროტება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ იგი 'განათლებულ საუკუნეში', დემოკრატიის სახელით, სწორედ სტალინის და ჰიტლერის გამოცდილების შემდეგ ხდება. მაგრამ ბოროტის გარდა, ქაჯიც უნდა იყო, ცოცხალი ადამიანის სახელი რომ დაარქვა ქუჩას.


სტალინი, მოგეხსენებათ, მოკვდა. ჩემი აზრით, თუ რწმენით, მოკვდა სტალინის იდეაც. მას მომავალი არ აქვს. მაგრამ სამწუხაროდ, მისი ინერცია აწმყოში გრძელდება. და ამის, სტალინისტური პოლიტიკის, მითების გარშემო აგებული რეალობის, ნეობლოშევიზმის  საუკეთესო სიმბოლური გამოხატულება არის ჯორჯ ბუშის ქუჩა. სწორედ ის, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია ამ ინერციის გაქრობა, დღეს უპირისპირდება არა მკვდარ კაცს - სტალინს, არამედ, ისეთი ქვეყნის მშენებლობას, სადაც მითები და ბოდვები ვეღარ მოიპოვებენ ლეგიტიმაციას.

შიშზე დაფუძნებულ ამ დაპირისპირებას თავის მეთოდები აქვს:

ირაციონალური ისტერიკა - ნაცვლად რაციონალური დებატებისა, კაპრიზები - ნაცვლად პრინციპებისა, სპექტაკლები - ნაცვლად პოლიტიკისა.

და სწორედ ამიტომ, ისტერიკაზე და ა.შ. ვერამაღლების გამო, ეს უკვე წაგებული ომია.


ასე რომ, 'მკვდრებმა იზრუნონ საკუთარ მკვდრებზე'.

მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?

ჩემი აზრით, მათ ვისაც სტალინი უყვართ, შეიძლება გავუგოთ, როგორც გარემოებათა მსხვერპლთ. და ამავე დროს მიზანმიმართულად ვიმუშაოთ პოზიტიური პერსპექტივის, ისეთი ვითარების შესაქმნელად, როდესაც ადამიანები განათლების მიღების, ადამიანური ცნობიერების უზენაეს ფასეულობებთან ზიარების კვალდაკვალ მიატოვებენ ყალბ მითებს და ბელადებს.

მაგრამ, სწორედ ასეთი მომავლის სახელით, არ შეიძლება გავუგოთ, მოვალენი ვართ არ გავუგოთ  ხელისუფლებას, იდელოგიას და პოლიტიკას, რომელიც ბოროტი და ქაჯია.