აღსდგება თუ არა კონსტიტუციური წესრიგი?


2008 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ ‘კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად’ ცხინვალის მასირებული დაბომბვა წამოიწყო.  ეს იყო ამ ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულებრივი შეცდომა. ეს დანაშაულია ალბათ ის ერთ–ერთი უმთავრესი, რითაც პირველ რიგში შევა ისტორიაში მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ეპოქა.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არასდროს ჰქონია. ჩვენსავე განვითარების ინტერესებს რომ თავი გავანებოთ, ამას ითხოვდა და ითხოვს დასავლეთიც. ითხოვდა ომამდეც – თუმცა ამას ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უმალავდნენ და უმალავენ მოსახლეობას. ნატოში გაწევრიანების მთავარ წინაპირობად ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ლიდერები ყოველთვის სწორედ კონფლიქტებისა და რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიან მოგვარებას აყენებდენ. ამ პირობებში პოლიტიკური სიბეცით, არაკომპეტენტურობით და უმწიფარობით გამოწვეული ავანტიურა, პუტინის რეჟიმის ინტერესებზე მუშაობა და ცხინვალზე ფართომასშტბიანი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა იყო უმძიმესი დარტყმა ქვეყნის პერსპექტივისთვის, დასავლური ორიენტაციის უარყოფა, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის საფუძვლების მოშლა, კონფლიქტის მოგვარების გაურკვეველი დროით გადავადება.

ის, რაც სამხრეთ ოსეთში ‘კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის’ ნაცვლად უნდა გაკეთებულიყო, იყო და არის:

კონსტიტუციური წესრიგის დამყარება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებდა და აკონტროლებს.

როგორიც არ უნდა იყოს ქვეყანა რეალურად დღეს, ის უნდა ისწრაფოდეს იყოს ისეთი, როგორიც კონსტიტუციით დაადგინა ხალხმა. კონსტიტუციურად საქართველო – დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოა. და არა ბაზარი, არა ჯუნგლები, რომლად გადაქცევასაც ცდილობს ხელისუფლება ბოლო 9 წლის მანძილზე.


მხოლოდ ამ – საზოგადოების მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული წესრიგის დამყარებას – ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას და გაღრმავებას, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობას, ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, ჯანდაცვის, განათლების სისტემების ხელმისაწვდომობას, განვითარებულ ეკონომიკას, თავისუფალ სასამართლოს, სრულფასოვან კულტურულ პროცესებს, რაც მთავარია – ჩვენი განვითარების უმთავრეს პირობად – მშვიდობის აღიარებას შეუძლია უზრუნველყოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანთა სიცოცხლის ხარისხის ზრდა, არამედ: მოხსნას შიშისა და გაუცხოების, უნდობლობის ფაქტორები ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობისას, შექმნას საფუძვლები ადამიანთა შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული სავაჭრო–ეკონომიკური, შემოქმედებითი, სახალხო დიპლომატიური ურთიერთობებისათვის, და შეამზადოს ნიადაგი ეროვნული ერთობის აღსადგენად.

გრძელია თუ მოკლე ეს გზა, რთულია თუ მარტივი – ეს არის ერთადერთი გზა.

ბოლო დღეებში გააქტიურებული სახელისუფლებო ისტერიკა, ხმამაღალი ყვირილი, რომლითაც ძალაუფლების მპყრობელნი საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას ცდილობენ, ირაციონალური განწყობებისა და ფსიქოლოგიური ტერორის დამკვიდრება იმით, რომ ყველა განსხვავებული აზრი – სამშობლოს ღალატად გამოცხადდეს –  კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და გასაგებად ცხადყოფს ყველასათვის, ვისთვისაც არსებობს უფრო მაღალი მიზნები, ვიდრე ძალაუფლების და პრივილეგიების შენარჩუნებაა:

არსებულ რეჟიმს არ სურს და არ შეუძლია ქვეყნის კეთილდღეობის, განვითარებისა და მთლიანობის ინტერესების შესაბამისად მოქმედება. დღეს საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების სათვეში იმყოფება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სრულიად შეუსაბამოა იმასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუცია – საზოგადოების შეთანხმება თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. 

No comments:

Post a Comment