ფარისევლობა, როგორც 'საზოგადოებრივი პოზიცია'



ქვეყნის პრეზიდენტი ვალდებულია ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს ამაღლდეს ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებზე, უარი თქვას წვრილმან ბოღმასა და ცრუპენტელობაზე, ცილისწამებაზე ოპონენტების მიმართ, საკუთარი განდიდების მიზნით – სხვათა დამცირებაზე, და რაც არ უნდა აღიზიანებდეს განსხვავებული აზრი – საჯარო სივრცეში მოთოკოს ვნებები, შეასრულოს ქვეყნის ყველა მოქალაქის თავისუფლებისა და თვითგამოხატვის, საზოგადოებრივი ერთიანობის გარანტორის ფუნქცია.

პრეზიდენტის საჯარო გამონათქვამები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს სახელმწიფოს სიმბოლოდ მიიჩნევს, მას ამ ფუნქციის შესრულება არ შეუძლია.

განსხვავებულად მოაზროვნეთადმი განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის სიმდაბლეზე მიუთითებს, არამედ წაახალისებს ძალაუფლების მფლობელი ინსტიტუტების მიერ ოპონენტთა ფიზიკურ ანგარიშწორებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დევნას, ახშობს და ავიწროებს თავისუფლების სივრცეს და მას (თავისუფლებას) – მხოლოდ ელიტების განუკითხაობის პრივილეგიად აქცევს.

მისგან განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეების, სასწავლო სისტემის რეფორმის მოსურნე სტუდენტების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებისადმი ‘ჩარეცხილებად’, ‘ოროსნებად’, ‘იდიოტებად’ მოხსენიება საჯარო, ხშირად მრავალათასიან შეხვედრებზე არის შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის – ‘უცხოსადმი’ ზიზღის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მაგალითები. არანაირი ‘პერსონალური’ მომენტებით, კოლექტიური სტერეოტიპების სპონტანური გამოხატვით და ა.შ. ამ შეუწყნარებლობის გამართლება არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც არც ერთხელ (!) პრეზიდენტს თუნდაც ამ ‘წამიერი სისუსტის’ გამო ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე.

ვფიქრობ, უფლება მაქვს ადამიანები, ვინც ბევრს წერენ ან 'იბრძვიან' ჩვენში ტოლერანტობის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის გამოვლინებათა წინააღმდეგ, საკუთარ თავს ‘დარგის ექსპერტებად’ წარმოგვიდგენენ, მაგრამ საჯაროდ  არ აკრიტიკებენ პრეზიდენტს სწორედ შეუწყნარებლობის ატმოსფეროს ფორმირებაში შეტანილი დიდი, შესაძლოა, საკვანძო წვლილისათვის – ყველაზე უკეთეს შემთხვევაში – ფარისევლებად მივიჩნიო. მაგრამ,  თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრივი ქცევის წონას და ფასს, იმას, რომ უსამართლობაზე თვალის დახუჭვით ჩვენ არა უბრალოდ ‘არაფერს ვაკეთებთ’, არამედ, რომ ეს ‘ქცევაა’, რომლითაც ხელს ვუწყობთ უსამართლობის დამკვიდრებას და შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვიღებთ მის შედეგებზე – ჩემი აზრით, ‘სიტყვა ‘ფარისეველი’ მათ მიმართ რევერანსადაც კი წარმოგვიდგება. 

No comments:

Post a Comment